Thumbnail

ხორვატია და ნიდერლანდები ფინალურ ოთხეულში - საფრანგეთი გავარდნას გადაურჩა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ნიდერლანდები და ხორვატია გავიდნენ
  • B დივიზიონში უელსისა და ავსტრიის ნაკრებები გავარდნენ

ერთა ლიგის A დივიზიონის პირველ და მეოთხე ჯგუფში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა და შედეგად, გაირკვა ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ - ხორვატია და ნიდერლანდები.

პირველ ჯგუფს ბოლო ტურის წინ ხორვატია ლიდერობდა და შანსი ხელიდან არ გაუშვია, რადგან სტუმრად ავსტრიის ნაკრები დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა. შედეგად, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა 13 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და 1 ქულით გაასწრო დანიას, რომელმაც თავის მხრივ შინ მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი 2:0 დაამარცხა.

სხვათა შორის, დიდიე დეშამის გუნდი B დივიზიონში გავარდნას გადაურჩა, რადგან ავსტრიის ნაკრებს ქულით აჯობა (გადამწყვეტი წინა ტურში სწორედ ავსტრიელთა ძლევა გამოდგა). საფრანგეთი ერთა ლიგის მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ ამ გათამაშებაში ძალიან ცუდად ითამაშა და 6 ტურში მხოლოდ ერთხელ მოიგო, შედეგად 5 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. B დივიზიონში, სადაც მომდევნო სეზონში საქართველო ითამაშებს, ავსტრია დაქვეითდა.

ნიდერლანდებმა ჯგუფი დიდი უპირატესობით მოიგო

ნიდერლანდების ნაკრებმა მეოთხე ჯგუფი გაცილებით იოლად მოიგო. ლუი ვან გაალის გუნდმა კონკურენტ ბელგიას ვირჯილ ვან დეიკის გოლით სძლია და 16 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, აჯობა რა ბელგიას 6 ქულით, რაც უდიდესი უპირატესობაა. ამ ჯგუფიდან B დივიზიონში უელსის ნაკრები გავარდა, რომელმაც 6 შეხვედრაში მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლო.

ავსტრია 1:3 ხორვატია

გოლები: 0:1 მოდრიჩი (6), 1:1 ბაუმგარტნერი (9), 1:2 ლივაია (69), 1:3 ლოვრენი (72)

დანია 2:0 საფრანგეთი

გოლები: 1:0 დოლბერგი (34), 2:0 ოლსენი (39)

ნიდერლანდები 1:0 ბელგია

გოლი: 1:0 ვან დეიკი (73)

უელსი 0:1 პოლონეთი

გოლი: 0:1 სვიდერსკი (58)

კომენტარები

ბოლო ამბები