Thumbnail
  • უნგრეთი 0:2 იტალია | ინგლისი 3:3 გერმანია
  • რობერტო მანჩინის ნაკრები ხორვატიასა და ნიდერლანდებს შეუერთდა

ხორვატიისა და ნიდერლანდების შემდეგ, ერთა ლიგის "ოთხთა ფინალის" მესამე მონაწილე იტალიის ნაკრები გახდა.

A დივიზიონის მე-3 ჯგუფს, რომელიც "სიკვდილის ჯგუფად" იყო მიჩნეული, ბოლო ტურის წინ უნგრეთი ლიდერობდა, რომელსაც პოზიციის შესანარჩუნებლად ბუდაპეშტში იტალიის ნაკრებთან ქულაც აწყობდა, მაგრამ რობერტო მანჩინის გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და 2:0 დაამარცხა.

იტალიის ნაკრები პირველი ტაიმის შუაში ნაპოლის თავდამსხმელმა ჯაკომო რასპადორიმ დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე ფედერიკო დიმარკომ სხვაობა გაზარდა და დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ინგლისისა და გერმანიის მატჩი დიდებული გამოვიდა

ამავე ჯგუფში ინგლისის ნაკრებმა გერმანიას უმასპინძლა. თამაშს სატურნირო მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგანაც გერმანიას პირველობის შანსი არ გააჩნდა, ხოლო ინგლისი უკვე B დივიზიონში იყო გავარდნილი. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შესვენების შემდეგ კი გუნდებმა გულშემატკივარს ფანტასტიკური სანახაობა შესთავაზეს. გერმანია ილქაი გიუნდოგანისა და კაი ჰავერტცის გოლებით 2:0 დაწინაურდა, თუმცა, გარეთ საუთგეიტის გუნდმა 8-წუთიან ინტერვალში 3 გოლი გაიტანა და 83-ე წუთზე წინ გავიდა. მიუხედავად ამისა, "სამმა ლომმა" მაინც ვერ მოიგო, რადგან ჰავერტცმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:3.

ამგვარად, ჯგუფი 11 ქულით იტალიის ნაკრებმა მოიგო. მეორე ადგილზე კი 10 ქულით უნგრეთი გავიდა, რომელმაც მხოლოდ 2 თამაში წააგო და ორივე იტალიასთან (შინ და სტუმრად). გერმანიამ 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ინგლისი 3 ქულით B დივიზიონში გავარდა, სადაც მომავალ სეზონში საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს.

ერთა ლიგის "ოთხთა ფინალი" 2023 წლის ივნისში ნიდერლანდებში გაიმართება, სადაც როგორც ვთქვით, ტიტულისთვის მასპინძლების გარდა, იტალია და ხორვატია იბრძოლებენ. მეოთხე მონაწილე 27 სექტემბერს გაირკვევა პორტუგალია-ესპანეთის შეხვედრაში, რომელშიც მასპინძლებს ფრეც აწყობთ.

უნგრეთი 0:2 იტალია

გოლები: 0:1 რასპადორი (27), 0:2 დიმარკო (52)

ინგლისი 3:3 გერმანია

გოლები: 0:1 გიუნდოგანი (52), 0:2 ჰავერტცი (67), 1:2 შოუ (72), 2:2 მაუნთი (75), 3:2 კეინი (83), 3:3 ჰავერტცი (87)

კომენტარები

ბოლო ამბები