Thumbnail
  • კახა ცხადაძეს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სუმგაიტი იწვევდა
  • 54 წლის ქართველმა სპეციალისტმა აზერბაიჯანულ კლუბს უარით უპასუხა
  • ქართველმა მწვრთნელმა უარის მიზეზი Azerisport-ს დელიკატურად აუხსნა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ნაკრებისა და დინამო თბილისის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ, რომელიც ამჟამად დაუსაქმებელია, აზერბაიჯანული კლუბის შეთავაზებას ზრდილობიანი უარით უპასუხა. 54 წლის სპეციალისტის მიწვევით, რომელსაც მეზობელ ქვეყანაში მუშაობის საკმაოდ დიდი და წარმატებული გამოცდილება აქვს (2008-2014 წლებში სტანდარდსა და ინტერს (ამჟამად შემახი) წვრთნიდა), მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სუმგაიტი იწვევდა. 

სუმგაიტს ბოლოს ბელარუსი სპეციალისტი ალეკსეი ბაგა წვრთნიდა, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. გუნდმა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ჩატარებულ 7 მატჩში 3 ფრედ დაასრულა, 4 კი დათმო და 3 ქულით ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს.

 ცხადაძემ აზერბაიჯანულ მედიას უარის მიზეზზე ესაუბრა:

"კლუბის პრეზიდენტს მართლაც ველაპარაკე. ერთმანეთის მიმართ პატივისცემით ვართ განწყობილნი. ჩემთვის ყოველთვის პატივი იყო აზერბაიჯანში მუშაობა და ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება ამ ქვეყნის მიმართ. სასიამოვნო იყო ზარი აზერბაიჯანიდან, მაგრამ არის გარკვეული მომენტები. მათი ნაწილი უკავშირდება აზერბაიჯანულ ფეხბურთში ჩვენს იმიჯს, რომელიც იქ მუშაობის პერიოდში შევქმენით.

სუმგაიტს ნათელი მომავალი აქვს, კლუბის ინფრასტრუქტურისა და მშენებარე სტადიონის გათვალისწინებით. წინადადება მიმზიდველია, მაგრამ გუნდის ამჟამინდელი სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. წინადადების მიღება იოლია, ძნელი გაცემული იმედების გამართლებაა.

თუკი კლუბში მივალ, ვალდებული ვიქნები შედეგი ვაჩვენო, საამისოდ კი გუნდის კარგად ცოდნაა საჭირო. სუმგაიტს სჭირდება მწვრთნელი, რომელიც თვალს ადევნებდა გუნდის გამოსვლას და არ სჭირდება კიდევ დრო გუნდში ადაპტაციისთვის. არ მინდა, გულშემატკივრებს იმედი გავუცრუო და დავთანხმდე სამუშაოს, რომელიც დამაზარალებს". 

ცხადაძე ბოლოს დინამო თბილისს წვრთნიდა, რომელიც ივნისში დატოვა

ცხადაძემ დასძინა, რომ აზერბაიჯანის პრემიერლიგაში დაბრუნებას ისურვებდა, ოღონდ ამბიციურ კლუბში: 

"ვიმუშავებ, სადაც დიდი ამბიციები გვექნება. 15-წლიან სამწვრთნელო კარიერაში 12-ჯერ ევროთასებზე ვითამაშეთ. საქმეს ხელი მოჰკიდო მხოლოდ დასაქმებისთვის ან ფულის გამო - ეს ჩვენთვის არაა. თუკი მოვალთ, მხოლოდ კარგი სამუშაოსთვის. მზად ვარ აზერბაიჯანში დასაბრუნებლად, თუკი ასეთი შესაძლებლობა იქნება".

საქართველოს ნაკრების, ფრანკფურტის აინტრახტისა და მანჩესტერ სიტის ყოფილმა მცველმა სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს, თბილისის ლოკომოტივში დაიწყო, ასევე იმუშავა დინამო თბილისსა და ბოლნისის სიონში, იყო ჯერ საქართველოს 21-წლამდელთა, შემდეგ კი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი (2015-16 წლებში).  ცხადაძეს სამშობლოს გარეთ გუნდები აზერბაიჯანსა და ყაზახეთში გაუწვრთნია.

კომენტარები

ბოლო ამბები