Thumbnail

დიდი აღიარება - მსოფლიოს ნაკრებში სამი ქართველი მოჭიდავე მოხვდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ლერი აბულაძე (63 კგ.) და ჯონი ხეცურიანი (67 კგ.) მსოფლიოს ნაკრებში იჭიდავებენ.

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ (UWW) 2022 წლის შემაჯამებელი პრესტიჟული შეჯიბრებისთვის (მსოფლიო თასი) მსოფლიოს ნაკრების განაცხადი შეავსო და მასში ხსენებული ქართველი მოჭიდავეებიც შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ წელს წურწუმიამ როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვერცხლის მედლები მოიპოვა, აბულაძე ევროპის მოქმედი ჩემპიონია, მსოფლიოზე კი ისიც მეორე იყო, ხოლო ხეცურიანი ბოლო მსოფლიოს პირველობის ნახევარფინალისტია. 

მსოფლიოს თასი ტრადიციული გუნდური ტურნირია, რომელშიც სეზონის გამორჩეული ნაკრებები და სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას. ამჯერად, ტურნირი 5-6 ნოემბერსაა დაგეგმილი და მას აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს.

საინტერესოა, რომ 2004 წელს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო თასს თბილისმა უმასპინძლა და მაშინ ჩემპიონობა სწორედ საქართველოს ნაკრებმა იზეიმა, რომელმაც ფინალში ირანს სძლია.

ცნობისთვის, წელს მსოფლიო თასი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებსაც ელით და სავარაუდოა, რომ მსოფლიო ნაკრებში ქართველი ფალავნები ამ შემთხვევაშიც მოხვდებიან. შეჯიბრი 10-11 დეკემბერს აიოვა სიტიშია (აშშ) დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები