Thumbnail

ყველაზე პოპულარული საფეხბურთო სიმულატორის ბოლო ვერსია FIFA 23, პარასკევს, 30 სექტემბერს გამოდის. თამაშის შემქმნელების, EA SPORTS-ისა და FIFA-ს 30-წლიანი ურთიერთობა სრულდება, ეს კი მათი უკანასკნელი ერთობლივი პროექტი იქნება. ცხადია, ამ ფაქტმა უფრო მეტი მოლოდინი და ინტრიგა შექმნა.

როგორც წესი, სათამაშო სიმულატორის მოყვარულებში ყველაზე დიდ ინტერესესს მოთამაშეთა რეიტინგები იწვევს, რაც თამაშის გამოსვლამდე ხდება ცნობილი. წელს, ყველაზე მაღალი მონაცემები ქარიმ ბენზემას, რობერტ ლევანდოვსკის, კილიან მბაპეს, კევინ დე ბრუინსა და ლიონელ მესის აქვთ: მათი რეიტინგი 91-ს შეადგენს. ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენილი კრიშტიანო რონალდოს მონაცემები 90-ით შეფასდა. 

FIFA 23-ში ყველაზე სწრაფ ფეხბურთელად პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი კილიან მბაპე დასახელდა. ფრანგის სისწრაფის რეიტინგი 97-ია. საუკეთესო დრიბლინგი ლიონელ მესის აქვს (94) და წლებია ამ კომპონენტში პირველობას არავის უთმობს.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ქართველი ფეხბურთელების რეიტინგებია. რაც მთავარია, გამოჩნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც FIFA 22-ში არ იყო, რადგან თამაშში რუსული კლუბები არ მონაწილეობდნენ. შარშან გიორგი მაკარიძეს ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა (76), წელს მან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. FIFA 23-ში არ იქნება თორნიკე ოქრიაშივილი, რაც იმითაა გამოწვეული, რომ “ოქრი” ამ დრომდე უკლუბოდაა.

მაშ ასე, FIFA 23-ში ქართველი ფეხბურთელებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგი გიორგი მამარდაშვილს აქვს (77). აღსანიშნავია, რომ ვალენსიას ქართველის მეკარის მონაცემები, წინა წელთან შედარებით (75), გაზრდილია, რაც ლოგიკურია, რადგან მამარდაშვილი “ღამურების” ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება. 

მეორე ადგილზე ხვიჩა კვარაცხელიაა - 74. ნაპოლის ახალ ვარსკვლავს განვითარების პოტენციალი 84 აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაშის განახლებებზე კვარას გაზრდილ რეიტინგს უნდა ველოდოთ.

მესამე პოზიციას სამი ფეხბურთელი იყოფს: გიორგი მაკარიძე (73), გიორგი ქვილითაია (73) და დათი ხოჭოლავა (73). ვთქვათ ისიც, რომ თამაშში ფრანგული მეცის თავდამსხმელის - გიორგი მიქაუტაძის (69) რეიტინგი წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა. რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, მისი მონაცემები განახლების შემდეგ გახდება ცნობილი.

რაკი FIFA 23-ში საქართველოს ნაკრები არ დაუმატებიათ, ქართველი ფეხბურთელების ხილვას თამაშის ყველაზე პოპულარულ რეჟიმებში - FIFA ULTIMATE TEAM-სა (FUT) Career mode-ში შეძლებთ. 

FIFA 23-ში ქართველი ფეხბურთელების რეიტინგები:

გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) - 77
ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) - 74
გიორგი მაკარიძე (პონფერადინა) - 73
გიორგი ქვილითაია (აპოელ) - 73
დათი ხოჭოლავა (კოპენჰაგენი) - 73
ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი) - 72
საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი) - 72
ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) - 72
გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი ) - 71
ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი) - 70
გიორგი მიქაუტაძე (მეცი) - 69
გურამ გიორბელიძე (ზაგლებიე) - 68
ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე) - 68
გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე) - 67
გიორგი ხარაიშვილი (ფერენცვაროში) - 67
ნიკა კვეკვესკირი (ლეხი) - 67
ვაკო გვილია (ჩენსტოხოვის რაკუვი) - 67
გიორგი ბერიძე (ანკარაგიუჯუ) - 67
ლაშა დვალი (აპოელ) - 66
ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია) - 66
ნიკა ნინუა (პაოკი) - 66
თორნიკე გაფრინდაშვილი (ზაგლებიე) - 64
მურთაზ დაუშვილი (აპოელი) - 63
ლუკა ზარანდია (კიელცეს კორონა) - 63
ამირან სანაია (როდეზი) - 61

კომენტარები

ბოლო ამბები