Thumbnail

საქართველო და ინგლისი ერთ დივიზიონში - რა ვიცით ერთა ლიგის მომდევნო სეზონზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონი 16 ქულით და პირველი ადგილით დაასრულა, რის შედეგადაც, ევრო 2024-ის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა და ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონში B დივიზიონში ითამაშებს, რომელშიც გაცილებით მაღალი დონის გუნდებთან მოუწევს დაპირისპირება.

ცხადია, ჯერ უცნობია, რომელ ჯგუფში მოხვდება ვილი სანიოლის გუნდი, მაგრამ ცნობილია ყველა, თექვსმეტივე ნაკრები, რომლებიც B დივიზიონში ითამაშებენ. მათ შორის, არაერთი მაღალი დონის გუნდია - მარტო ინგლისის ნაკრების ხსენება რად ღირს, რომელიც A დივიზიონიდან გავარდა.

ფორმატი უცვლელი იქნება: A, B და C დივიზიონებში 16-16 გუნდი ითამაშებს, რომლებიც ოთხ 4-გუნდიან ჯგუფებში განაწილდებიან, ხოლო D დივიზონში 7 ნაკრები იქნება (ერთი 4-გუნდიანი და ერთიც 3-გუნდიანი ჯგუფები).

პირველადგილოსნები დივიზიონით დაწინაურდებიან, ბოლოადგილოსნები პირიქით - დაქვეითდებიან. A დივიზიონის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები ერთა ლიგის ‘ოთხთა ფინალში’ ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. შესაძლოა, ერთა ლიგის მომდევნო სეზონი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპთან ნაწილობრივ იყოს დაკავშირებული, თუმცა, ჯერ უეფას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

B დივიზიონი

ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი, ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია, სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით, უცნობია, როდის ჩატარდება ჯგუფური ეტაპის წილისყრა, როგორ განაწილდებიან გუნდები კალათებში და საერთოდაც, ტურნირის განრიგი. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ერთა ლიგის მომდევნო სეზონი 2024 წლის სექტემბერში, ევრო 2024-ის შემდეგ დაიწყება. ასე რომ, ახალ სეზონამდე 2 წელია დარჩენილი.

სხვა დივიზიონები ასე დაკომპლექტდა:

A დივიზიონი: ნიდერლანდები, ხორვატია, ესპანეთი, იტალია, დანია, პორტუგალია, ბელგია, უნგრეთი, შვეიცარია, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი, შოტლანდია.

C დივიზიონი: რუმინეთი, შვედეთი, სომხეთი, რუსეთი (თუ დაუშვეს), ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი, კოსოვო, ბულგარეთი, ფარერები, ჩრდ. მაკედონია, სლოვაკეთი, ჩრდ. ირლანდია, ესტონეთი, ლატვია.

D დივიზიონი: ანდორა, ლიხტანშტაინი, მალტა, მოლდოვა, სან მარინო.

კვიპროსი, ბელარუსი, ლიეტუვა და გიბრალტარიდან 2 გუნდი C დივიზიონში მოხვდება, ორიც - D დივიზიონში. ეს 2024 წლის მარტში პლეი აუტის შედეგად გაირკვევა, სადაც ეს გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის გათამაშებამ სტარტი 2018 წელს აიღო და პირველად საქართველო D დივიზიონში ასპარეზობდა, საიდანაც აღზევება მოახერხა, ხოლო ბოლო ორი C დივიზიონში გაატარა და მეორე ჯერზე მოახერხა B დივიზიონში გადასვლა.

კომენტარები

ბოლო ამბები