Thumbnail
  • იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას და ლორენცო ინსინიეს შედარებებას აგრძელებენ
  • უკვე თითქმის ყველა ექსპერტი ქართველ ფეხბურთელს ამჯობინებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ხვიჩა კვარაცხელიან ნაპოლიში სწორედ ლორენცო ინსინიე შეცვალა და ლოგიკურია, რომ სამხრეთიტალიური კლუბის ყოფილ და ახალ მარცხენა გარემარბებს ერთმანეთს ხშირად ადარებენ. 

პალერმოსა და კატანიას ყოფილი სპორტული დირექტორი პიეტრო ლო მონაკო ფიქრობს, რომ კვარაცხელია ბევრად უკეთესი ფეხბურთელია და ასეთი შედარებები ნელ-ნელა აზრს დაკარგავს. როგორც მან თქვა, კვარას და ინსინიეს შედარება იგივეა, რომ ერთმანეთს დღე და ღამე შეადარო.

"ყოველდღე მესმის კვარაცხელიას და ინსინიეს შედარება. ამ უკანასკნელმა ნაპოლიში ისტორია დაწერა, მაგრამ თუ უნდა შევადარო, კვარა და ლორენცო ისე განსხვავდებიან, როგორც დღე და ღამე. ქართველს აქვს სიძლიერის ისეთი პარამეტრები, რაც ინსინიეს არ აქვს და გარდა ამისა, ის თამაშის ხალისითაც გამოირჩევა. ხვიჩა ყოველთვის ცდილობს არაორდინალურად თამაშს და ჩანს, რომ ამაზე მეტიც შეუძლია," - თქვა ლო მონაკომ.

კვარას იტალიაში მაგარი პრესა აქვს

ამავე საკითხზე ისაუბრა გაზეთ "კორიერე დელო სპორტის" დირექტორმა ივან ძაძარონიმ. გამოცდილი ჟურნალისტიც ფიქრობს, რომ კვარა უკეთესია და მისი თამაშის ცქერა გაცილებით სასიამოვნოა.

"მე კვარაცხელიასკენ ვარ. ინსინიეს არასდროს არაფერი მოუგია, ეს უნდა ითქვას და ხაზიც უნდა გავუსვათ. კვარა უფრო მეტად ქმნის განსხვავებას თამაშებში, უფრო მეტად თამამია, ვიდრე ინსინიე, რომელიც დრიბლინგს თითქმის არასდროს აკეთებდა. ლორენცო ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური იტალიელი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ხშირად მაბრაზებდა. ინსინიე ბურთს უმეტესად უკან აბრუნებდა და მეტოქეს არასდროს ატყუებდა.

'კვარაცხელია ხანდახან აჭარბებს, მაგრამ კიდევ კარგი, რომ ამას აკეთებს'

გასაგებია, რომ გუნდი არ იმარჯვებს მხოლოდ ერთი ფეხბურთელით, მაგრამ ჩემთვის უფრო ლამაზი სანახავი იქნებოდა ასეთი ინსინიე და არა გუნდისთვის მოთამაშე. კვარაცხელიას კი აქვს უნარი, რომ მუდმივად რაღაც განსაკუთრებული შემოგვთავაზოს, რაც ერთი შეხედვით რთული გასაკეთებელია. ხანდახან აჭარბებს, მაგრამ მადლობა ღმერთს, არის ვინმე, ვინც სწორედ ასე აჭარბებს." - აღნიშნა ძაძარონიმ.

შეგახსენებთ, რომ სანაკრებო პაუზა დასრულდა და მომავალ უიკენდზე ისევ საკლუბო ფეხბურთი დაბრუნდება. ნაპოლი 1 ოქტომბერს, სერია A-ს მე-8 ტურში ტორინოს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები