Thumbnail

ჩვენთვის ერთა ლიგაში გასარკვევი მხოლოდ ესღა იყო და ახლა უკვე ესეც ვიცით.

თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს ჩვეულებრივი შესარჩევიდან ვერ მოიპოვებს, ერთა ლიგის წყალობით მიღებული პლეი ოფის ნახევარფინალში ყაზახეთის ნაკრებს უმასპინძლებს! მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს საბერძნეთი და თურქეთი შეხვდებიან. 

მოკლედ: საბერძნეთის ნაკრებმა თბილისში ჩამოსვლას და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშს, საკუთარ მოედანზე უპრინციპულეს მეტოქესთან, თურქეთთან დაპირისპირება ამჯობინა (თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას).

ბერძნებმა ერთა ლიგის ბოლო ტურში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები 3:1 დაამარცხეს და ჯგუფში პირველი ადგილი 15 ქულით დაიკავეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საბერძნეთს C დივიზიონის პირველადგილოსნებს შორის მეორე შედეგი აქვს (საქართველოს შემდეგ) და ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე მესამე შედეგის მქონე თურქეთს დაუპირისპირდება.

C დივიზიონის პირველადგილოსნები

1. საქართველო - 16
2. საბერძნეთი - 15
3. თურქეთი - 13
4. ყაზახეთი - 13

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პლეი ოფამდე გაიმართება ევროპის ჩემპიონატის ჩვეულებრივი საკვალიფიკაციო ეტაპი და თუ პლეი ოფის რომელიმე გუნდი (საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი), ტრადიციული შესარჩევიდან მოახერხებს ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებას, პლეი ოფში აღარ ითამაშებს და მის ადგილს ერთა ლიგის ჯგუფში მეორეადგილოსანი დაიკავებს (ბულგარეთი, კოსოვო, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი).

🟠 თუ ყაზახეთი შეძლებს ჩვეულებრივი შესარჩევიდან ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, მაშინ საქართველოს ნაკრებმა პლეი ოფის ნახევარფინალში აზერბაიჯანს უნდა უმასპინძლოს.

🟠 თუ საქართველო ჩვეულებრივი შესარჩევიდან გავა ევროპის ჩემპიონატზე, პლეი ოფში ბულგარეთი ჩაგვანაცვლებს, მაგრამ ამას ჩვენთვის ცხადია, მნიშვნელობა არ ექნება.  

პლეი ოფი 2024 წლის მარტში გაიმართება. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო სეზონის ერთა ლიგაზე B დივიზიონში ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები