Thumbnail

უკვე პირდაპირ და კონკრეტულად: კარლსენი ნიმანს თაღლითობაში ადანაშაულებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მაგნუს კარსლენსა და ჰანს ნიმანს შორის სკანდალი გამძაფრდა
  • მსოფლიოს ჩემპიონი თინეიჯერ დიდოსტატს თაღლითობაში ადანაშაულებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ჭადრაკში მსოფლიოს (ჯერ კიდევ) მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარსლენსა და 19 წლის ამერიკელ დიდოსტატ ჰანს ნიმანს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდა.

31 წლის კარლსენმა პირველად და კონკრეტულად ისაუბრა სექტემბერში ტურნირიდან ჩახსნაზე და ოფიციალურად დაადასტურა ის, რაზეც მედია ბოლო კვირებში წერდა: ნორვეგიელი ლეგენდა ნიმანს თაღლითობაში ადანაშაულებს. უკვე პირდაპირ და კონკრეტულად.

მართალია, ჯერ დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ რაც თქვა, ისიც საკმარისია იმისათვის, რომ ამ ყველაფერს უკვე დიდი სკანდალი ეწოდოს: “იმედი მაქვს, რომ სიმართლე მალე გახდება ცნობილი - როგორიც არ უნდა იყოს ის.” - დაწერა კარსლენმა ტვიტერზე და ამატებს: “მყარად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ნიმანი ჭადრაკის თამაშის დროს ხშირად თაღლითობს, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში. ჭადრაკში თაღლითობის წინააღმდეგ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ. ამაში მეც ჩემს წვლილს შევიტან იმით, რომ აღარ ვითამაშებ ისეთების წინააღმდეგ, რომლებიც წარსულში თაღლითობაში არიან შემჩნეულები. იმიტომ, რომ არ ვარ დარწმუნებული, რას გააკეთებენ მომავალში.”

ჭადრაკის ლეგენდა მაგნუს კარლსენი

კარლსენსა და ნიმანს შორის სკანდალი ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისიდან მძვინვარებს. სენტ ლუისში, Sinquefield Cup-ზე ნიმანთან მარცხის შემდეგ კარლსენმა ტურნირი ნაადრევად, თავისი სურვილით დატოვა - მანამდე მას ასეთი რამ კარიერაში არასდროს ჰქონდა გაკეთებული.

ლეგენდარულ ნორვეგიელს მაშინ არ უთქვამს, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ მოწინააღმდეგეს სწორედ თაღლითობაში ადანაშაულებდა. მან მაშინ მხოლოდ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობდა, რომ ტურნირს ტოვებდა და იმედს იტოვებდა, რომ მომავალში კიდევ ითამაშებდა სენტ ლუისში. აქ ვითომ არაფერი იყო საგანგაშო, მაგრამ ხსენებულ პოსტს მან მაშინ ჟოზე მოურინიოს ვიდეო დაურთო, რომელიც ჩელსის მწვრთნელის რანგში, ასტონ ვილასთან მარცხის შემდეგ ამბობს: “არ ვილაპარაკებ. რომ ვილაპარაკო, მაშინ დიდ პრობლემებში აღმოვჩნდები.”

ფაქტია: ნიმანი ადრეც იყო შემჩნეული თაღლითობაში - ონლაინ-თამაშის დროს, ერთხელ 12 და მეორედ 16 წლის ასაკში. 

19 წლის ამერიკელი დიდოსტატი ჰანს ნიმანი

“Sinquefield Cup-ზე ჩვენი თამაშისას ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გადამწყვეტ ფაზებში ნიმანი არ იყო კონცენტრირებული და სრულად ფოკუსირებული.” - ესეც კარლსენის სიტყვებია. 

მოკლედ, მაგნუს კარლსენი აღარ აპირებს ისეთ მეტოქეებთან თამაშს, რომლებიც ადრე თაღლითობაში იყვნენ შემჩნეულები. შესაბამისად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის ოდესმე კიდევ ეთამაშოს ნიმანს.

კომენტარები

ბოლო ამბები