Thumbnail

'არაერთი გამორჩეული თვისება აქვს' - ლუკა პარკაძე Guardian-ის ტალანტებში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დინამო თბილისისა და 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი Guardian-მა გამოარჩია 
  • 17 წლის ფეხბურთელი 2005 წელს დაბადებულ, მსოფლიოს TOP 60 ტალანტს შორისაა 

ბრიტანულმა Guardian-მა დინამო თბილისისა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ლუკა პარკაძე მსოფლიო ფეხბურთის იმ 60 ტალანტს შორის დაასახელა, რომლებიც 2005 წელს დაიბადნენ. 

შეგახსენებთ, რომ დინამოს აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელს აგვისტოში 5-წლიანი კონტრაქტი მიუნხენის ბაიერნმა გაუფორმა. ლუკა გერმანულ გრანდს 2023 წლის ზაფხულიდან უნდა შეუერთდეს, იქამდე კი კვლავაც დინამო თბილისის ღირსებას დაიცავს.

ლუკამ ბაიერნს თავი მოაწონა და 5-წლიანი კონტრაქტიც დაიმსახურა

"ძნელი სათქმელია, რით მიიპყრო ყურადღება - გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ თამაშითა თუ ჩეხეთის 17-წლამდელებთან გატანილი გამარჯვების გოლით, რომელიც 16 წლის ასაკში მიითვალა. ასეა თუ ისე, პარკაძე შეამჩნიეს. ის უნივერსალია და არაერთი გამორჩეული თვისებით ხასიათდება -  ერთნაირად კარგად თამაშობს "რვიანის" და "ათიანის" პოზიციებზე, უტევს ფლანგიდან. მისი თამაშის შემყურე, ხედავთ, როგორ ფლობს ბურთს, როგორ იოლად და ლაღად უმკლავდება მცველებს, აკეთებს გადამწყვეტ პასსა თუ ურტყამს ორივე ფეხით. 

მისი დებიუტი საქართველოს უმაღლეს დივიზიონში 17 წლის ასაკში შედგა, ბაიერნის ახალგაზრდული გუნდის მენეჯერმა იოხენ ზაუერმა კი მის შესახებ თქვა: "ლუკას კარგა ხანია, ჩვენი სკაუტების მეშვეობით ვაკვირდებოდით. მან ასევე ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა სინჯების დროს აქ  FC ბაიერნის კამპუსზე. ამიტომ მოხარულები ვართ, რომ ის მომავალი სეზონიდან ჩვენთან ითამაშებს", - წერს გამოცემა.

ლუკა პარკაძე გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ

ლუკა პარკაძემ დინამო თბილისის მთავარ გუნდში ორ შეხვედრაში ითამაშა, ახლახან კი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ რაუნდში ითამაშა, რომლს მატჩებიც დანიაში ჩატარდა.

კომენტარები

ბოლო ამბები