Thumbnail

ჩოგბურთი | ბასილაშვილი სოფიის ტურნირზე 38 წლის ვეტერანთან დამარცხდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბასილაშვილი 6:7 (1:7), 5:7 ვერდასკო
  • ქართველ ჩოგბურთელს ბოლო 9 მატჩიდან 8 აქვს წაგებული

30 წლის ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის წარუმატებელ სერიას ბოლო არ უჩანს. ნიკა ამჯერად ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 597 900 ევრო) ჩაერთო და პირველივე მატჩი წააგო.

მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილი ცუდ ფორმაში იმყოფება, ის 38 ესპანელ ვეტერან ფერნანდო ვერდასკოსთან მატჩში ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა, იმედები ვერ გაამართლა და 6:7 (1:7), 5:7 დამარცხდა.

ფერნანდო ვერდასკო ATP-ს რეიტინგში 116-ე ადგილზე იმყოფება

აღსანიშნავია, რომ მე-6 ნომრად განთესილი ნიკოლოზი პირველ სეტში 5:3 დაწინაურდა და მოსაგებად აწვდიდა, თუმცა, თავადაც დაბრეიკდა, ტაი-ბრეიკზე კი მეტოქის უპირატესობა აშკარა იყო - 1:7. მე-2 სეტის სტარტზე ქართველმა ჩოგბურთელმა პირველივე მოწოდება წააგო და მართალია, უკუ-ბრეიკი გაახერხა, ბოლოსკენ მოწოდება კიდეც ერთხელ დათმო და მორიგი მარცხი განიცადა.

ამგვარად, ბასილაშვილს ბოლო 9 მატჩში 8 მარცხი მოუგროვდა და ის ერთი გამარჯვებაც იმის წყალობით იზეიმა, რომ მეცის ტურნირის საწყის წრეში ბელგიელმა ზიზუ ბერგსმა ტრავმა მიიღო. სათქმელია ისიც, რომ აღნიშნულ შეხვედრებში ქართველ ჩოგბურთელს სეტიც კი არ მოუგია.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ კლასიფიკაციაში ნიკოლოზს 1 185 ქულა აქვს და 37-ე ადგილზე იმყოფება. ამაზე უარეს პოზიციაზე (39-ე) ბასილაშვილი გასული წლის აგვისტოს შემდეგ არ ყოფილა.

კომენტარები

ბოლო ამბები