Thumbnail
  • ინდიანა პეისერსის ცენტრი გოგა ბითაძე სრულად გამოჯანმრთელდა
  • თუმცა, CBS Sports-ის ვარაუდით, ქართველი როტაციაშიც არ იქნება

FieldhouseFiles.com-ზე დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა CBS Sports წერს, რომ ინდიანა პეისერსის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე 100%-ით გამოჯანმრთელდა და სეზონის წინა მოსამზადებელ ეტაპს სრული დატვირთვით გაივლის. 

გოგას ტრავმის გამო მატჩები NBA-ს გასულ სეზონშიც გაუცდა და ევრობასკეტზეც. ბითაძეს მუხლი აწუხებდა, თუმცა ეს ყველაფერი წარსულში დარჩა და NBA-ს რეგულარული სეზონის სტარტს პრობლემების გარეშე შეხვდება. 

ამასთანავე, ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველი ცენტრი 2022/23 წლების სეზონს, სავარაუდოდ, როტაციის მოთამაშედაც არ დაიწყებს. სტატიის ავტორის მტკიცებით, სასტარტო შემადგენლობაში მაილს ტერნერი იქნება, განსავითარებელი კალათბურთელების რანგში კი უპირატესობას აიზეა ჯექსონსა და ჯელინ სმიტს მიანიჭებენ. 

გოგა ბითაძე NBA-ში მეოთხე სეზონს დაიწყებს. გასულ 3 სეზონში მან მონაწილეობა 149 მატჩში მიიღო, პარკეტზე, საშუალოდ, 11.8 წუთს ატარებდა და მეტოქის კალათში 5 ქულას აგდებდა. გასულ სეზონში გოგამ ინდიანას სასტარტო შემადგენლობაში 16 შეხვედრა დაიწყო და აღნიშნულ თამაშებში საკუთარი გუნდისთვის, საშუალოდ, 13.3 ქულა მოჰქონდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები