Thumbnail
  • ალი კარიმი ირანში საპროტესტო მოძრაობას სოლიდარობას უცხადებს
  • ამის გამო მას სახლი ჩამოართვეს, ექს-ფეხბურთელმა მთავრობას მიმართა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

მიუნხენის ბაიერნის და ირანის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ალი კარიმი თავის სამშობლოში სამართლიანობისთვის ბრძოლას აგრძელებს და როგორც ჩანს, ეს სწორედ ამის გამო მოხდა: 43 წლის კარიმის ირანის მთავრობამ სახლი ჩამოართვა.

როგორც იცით, ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაციები 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. იგი ირანის მორალის პოლიციამ საჯარო სივრცეში ჰიჯაბის გარეშე ყოფნის გამო დააკავა და როგორც ოფიციალურ ტექსტში განაცხადეს, მაჰსა ცუდად პოლიციის შენობაში გახდა, ძირს დაეცა, რის შემდეგ 2 დღე კომაში იყო და გარდაიცვალა. თვითმხილველები კი ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა გოგონა პოლიციელებმა სცემეს და თავი ავტომობილზე რამდენჯერმე დაარტყმევინეს. კლინიკამ, რომელშიც ამინი ოფიციალურად გარდაიცვალა, ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ საავადმყოფოში მიყვანისას გოგონა გარდაცვლილი იყო, სიკვდილის მიზეზი კი თავის ტვინის სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები გახლდათ. მოგვიანებით, ეს პოსტი სოციალური ქსელიდან გაქრა.

ალი კარიმიმ, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები მიუნხენის ბაიერნში აქვს გატარებული, საპროტესტო აქციებს მხარი დაუჭირა, გასულ დღეებში ინსტაგრამსა და ტვიტერზე ბევრ პოსტს აქვეყნებდა და ირანის ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

ახლა კი, გერმანული ARD-ს ჟურნალისტის, ნატალი ამირის ინფორმაციით, ირანში ალი კარიმის სახლში პოლიცია შევიდა და ყოფილ ფეხბურთელს სახლი უბრალოდ ჩამოართვა. ჟურნალისტმა ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც კარიმის სახლის კარი ჩანს.

ამის შემდეგ თავად კარიმიმაც გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს: “სახლს მიწის გარეშე ფასი არ აქვს. წაიღეთ.” ამირის თქმით, კარიმის ამით იმის თქმა უნდა, რომ ასეთ ირანს ფასი არ აქვს.

უცნობია, სად იმყოფება ამჟამად კარიმი. ვრცელდება ცნობები, რომ მან ირანი დატოვა და დუბაიში იმყოფება. 

ალი კარიმი და ოლივერ კანი ბუნდესლიგის ვერცხლის სინით

ალის ირანის ნაკრებში 129 მატჩი აქვს ჩატარებული, ბაიერნში კი 2005-დან 2007 წლამდე თამაშობდა, რეკორდმაისტერის ფორმით 42 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. ბაიერნის შემდეგ ის კატარში გადავიდა, თუმცა 2011 წელს ცოტა ხნით გელზენკირხენის შალკეშიც ითამაშა. კარიმიმ კარიერა 2014 წელს დაასრულა, რის შემდეგაც ირანის მესამე ლიგის გუნდში მწვრთნელად მუშაობდა. 2021 წლის აპრილიდან ის ირანის მეორე ლიგის კლუბის, ხეიბარ ხორამაბადში მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ კარიმის გარდა, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოლიდარობა ლევერკუზენის ფეხბურთელმა, სარდარ აზმუნმაც გამოუცხადა.

კომენტარები

ბოლო ამბები