Thumbnail

დანიის ნაკრები მუნდიალზე კატარის საპროტესტო მაისურებით ითამაშებს

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ჩრდილოევროპელებმა შავი მაისურა გლოვის ფერის ალუზიით შექმნეს
  • ტექნიკური სპონსორი აცხადებს, რომ ისინი ტურნირს მხარს არ უჭერენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

დანიის ნაკრების ტექნიკური სპონსორი "ჰუმელი" ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ კატარში გასამართი მუნდიალისთვის დანიელთა მაისურებზე პროტესტის სიმბოლოებიც იქნება დატანილი. ამას გარდა, "ჰუმელმა" ნაკრების მესამე ფორმა შავ ფერში შექმნა, რომელიც გლოვის ფერს დაუკავშირა. 

აღსანიშნავია, რომ ფიფას მსოფლიოს თასის წესების მიხედვით, საფეხბურთო უნიფორმაზე პოლიტიკური შინაარსის ტექსტის დაწერა ან სიმბოლოს გამოხატვა აკრძალულია. დანიის წითელ, თეთრ და შავ მაისურებზე საპროტესტო არც სიმბოლოა გამოსახული და არც ფრაზაა დაწერილი. მაისურაზე არის "ჰუმელის" ლოგო, დეკორატიული თეთრი შერვონები და დანიის ნაკრების უნიფორმისთვის დამახასიათებელი შტრიხები, რომელიც 1980-იანი წლებიდან მოჰყვებათ. 

"შავი მაისურა გლოვის ფერს აღნიშნავს. დანიის ეროვნული გუნდის გულშემატკივრობის პარალელურად, არ უნდა დავუშვათ იმ ტურნირის მხარდაჭერა, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ნაკრებისა და კატარის, როგორც მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა ერთი და იგივე არ არის", - წერია კომპანიის განცხადებაში. 

დანიის ფეხბურთის ფედერაციამ გასული წლის ნოემბერში პირობა დადო, რომ 2022 წლის მუნდიალზე კრიტიკული მესიჯებით წარდგებოდა. როგორც ჩანს, სწორედ ამ ნაბიჯს გულისხმობდა. დანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის, ავსტრალიისა და ტუნისის წინააღმდეგ ითამაშებს. მაისურის ფერის არჩევის უფლება დანიელებს მხოლოდ ტუნისთან აქვთ, საფრანგეთისა და ავსტრალიის წინააღმდეგ მეტოქისგან განსხვავებული ფერის ფორმებით უნდა გავიდნენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები