Thumbnail
  • 37 წლის დინიარ ბილიალეტდინოვი რუსეთის სამოყვარულო ლიგაში თამაშობს
  • ექსნახევარმცველს მოწვევა მას შემდეგ მიუვიდა, რაც პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

რუსეთის ნაკრებისა და ლივერპულის ევერტონის ყოფილი გარემარბი დინიარ ბილიალეტდინოვი საკუთარი ქვეყნის არმიაში გამოიძახეს. აღნიშნული ინფორმაცია ვეტერანი ფეხბურთელის მამამ, რუსეთში ცნობილმა მწვრთნელმა რინატ ბილიალეტდინოვმა გაავრცელა. 

"დინიარმა არმიიდან მოწვევა მიიღო. ძნელია ემოციებზე საუბარი, ჯარში არასდროს ყოფილა, მხოლოდ სამხედრო მომზადების ეტაპი აქვს გავლილი, რადგან სპორტში იყო ჩართული. თუმცა, ეს 19 წლის წინ გახლდათ და ის კურსიც სპორტული მიმართულებით გაიარა. კანონის მიხედვით 35-წლამდე კაცებს იწვევენ, ის 37 წლისაა, ასე რომ ადგილი გაუგებრობას აქვს. 

მაგრამ რას გაიგებ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ახლა უნდა გაარკვიოს, კანონიერია თუ არა ეს მოწვევა. საერთო მობილიზაცია რომ ყოფილიყო, კითხვები არ გვექნებოდა. ახლა კი პრეზიდენტმა წესები დაადგინა და ყველაფერი კანონის მიხედვით უნდა მოხდეს," - განაცხადა ექსფეხბურთელის მამამ. 

დინიარ ბილიალეტდინოვის ბოლო პროფესიული კლუბი ლიეტუვური რიტერიაი გახლდათ, რომელიც 2019 წელს დატოვა. იქამდე კი ნახევარმცველი მოსკოვის ლოკომოტივში, ევერტონში, მოსკოვის სპარტაკში, ყაზანის რუბინსა და სხვა გუნდებში თამაშობდა. ამჟამად, 37 წლის დინიარი რუსეთის სამოყვარულო ჩემპიონატში გამოდის. რუსეთის ნაკრებში ბილიალეტდინოვს 46 მატჩი აქვს ჩატარებული. 

მოგეხსენებათ, გასულ კვირაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში მობილიზაცია გამოაცხადა, რადგან უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში ჯარისკაცები საკმარისი რაოდენობით აღარ დარჩათ. 

კომენტარები

ბოლო ამბები