Thumbnail
  • ვალენსიამ ტრავმირებული ხაუმე დომენეკის შემცვლელად იაგო ერერინი მიიწვია
  • 34 წლის ბასკ მეკარეს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში 77 მატჩი აქვს ჩატარებული

გიორგი მამარდაშვილის გუნდმა ვალენსიამ კიდევ ერთი მეკარე დაიმატა. ჯენარო გატუზომ გუნდში მეკარის პოზიცია 34 წლის ბასკი იაგო ერერინით გააძლიერა, რომელიც “მესტალიაზე” თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა.

ერერინი ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვალენსიასთან ერთად ემზადებოდა და საბოლოოდ ის კლუბის მეათე შენაძენი გახდა 2022/23 წლების სეზონში. კონტრაქტი გამოცდილ მეკარესთან, რომელიც ბილბაოს ატლეტიკის აღზრდილია და კარიერის უდიდესი ნაწილი ამ კლუბში აქვს გატარებული, სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

21 წლის გიორგი მამარდაშვილი დღეს ვალენსიას პირველი მეკარეა

 


იაგო ერერინი ბოლოს საუდის არაბეთის ალ რაედში გამოდიოდა, რომელსაც ზაფხულში დაემშვიდობა და უკლუბოდ იყო. ვალენსია მეკარეს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ტრავმის გამო ხაუმე დომენეკი დიდი ხნით დაკარგა. ამ უკანასკნელს ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო 6-8 თვე გაუცდება, გიორგი მამარდაშვილის შემცვლელად კი გუნდში მხოლოდ კრისტაინ რივერო რჩება. 

"ვალენსიამ გადაწყვიტა დაიმატოს იაგო ერერინი, რათა ხაუმე დომენეკის გამო გუნდში მეკარეთა რაოდენობა გაზარდოს. გუნდთან ერთად ორკვირიანი ვარჯიშის შემდეგ, მეკარე შემადგენლობაში იქნება და მამარდაშვილსა და რივეროსთან ერთად სეზონის ბოლომდე იმუშავებს. 34 წლის იაგო ერერინს ლა ლიგაში თამაშის დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს, რომელსაც ამიერიდან ვალენსიას მოახმარს”, - ნათქვამია ვალენსიას განცხადებაში.

ვალენსიამ ლა ლიგის გასულ 6 ტურში 9 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებს. ექვსივე თამაშში “ღამურების” კარი გიორგი მამარდაშვილმა დაიცვა, რომელმაც 5 გოლი გაუშვა, 2-ში კი კარი მშრალად შეინახა. მომდევნო მატჩს გატუზოს გუნდი 2 ოქტომბერს, სტუმრად ესპანიოლის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები