Thumbnail

შერმადინი ლიგა ენდესას სტარტს გამოტოვებს - გიოზე ტენერიფეს მწვრთნელმა ისაუბრა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლენოვო ტენერიფეს ქართველ ცენტრს აგვისტო-სექტემბერი დატვირთული ჰქონდა
  • 33 წლის კალათბურთელი მოედანს სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგაში დაუბრუნდება

გიორგი შერმადინის გუნდი ლენოვო ტენერიფე ესპანეთის 2022/23 წლების ჩემპიონატში გამოსვლას იწყებს, თუმცა თავად ქართველი ცენტრი გუნდს ჯერ ვერ დაეხმარება. ტენერიფე ლიგა ენდესას პირველი ტურის მატჩს 29 სექტემბერს, სტუმრად მანრესასთან ჩაატარებს, შერმადინი კი, რომელსაც პრობლემა მარჯვენა ფეხის წვივზე აქვს, მოედანზე ვერ გავა.

33 წლის კალათბურთელის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ტრავმის გამო ბოლო დღეებში ვერც ვარჯიშობდა, ლენოვო ტენერიფეს მთავარმა მწვრთნელმა ჩუს ვიდორეტამ ისაუბრა.

"გიო შერმადინი ჩვენთან ერთად იქნება, მაგრამ თამაშს ვერ შეძლებს. გასულ ზაფხულს ძალიან გადაიტვირთა, მას დასვენება მხოლოდ 15 დღით გამოუვიდა, რაც ნებისმიერი მოთამაშისთვის ძალიან ცოტაა. გვსურს, რომ ის ჩვენთან ერთად იყოს, რათა ყურადღებით ვაკონტროლოთ მისი პროგრესი. ვფიქრობთ, რომ ის ვერც შაბათს ჟირონასთან დაგვეხმარება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრისთვის მწყობრში იქნება", - თქვა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე.

შერმადინი ლიგა ენდესას წინა სეზონში საშუალოდ 24,0 წუთში 15,2 ქულას და 5,8 მოხსნას აგროვებდა

შეგახსენებთ, რომ 2021/22 წლების საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ, გიორგი საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული, რომელთან ერთადაც ჯერ შეკრება გაიარა და საკონტროლო შეხვედრებში ითამაშა, შემდეგ კი მონაწილეობა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისა და ევრობაკეტის მატჩებში მიიღო.

ლენოვო ტენერიფე ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს ჟირონასთან 1 ოქტომბერს გამართავს, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლას კი 5 ოქტომბერს, ლიეტუვას რიტასთან საშინაო შეხვედრით დაიწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები