Thumbnail

GAMING | ეპოქის დასასრული - ყველაფერი, რაც FIFA 23-ის შესახებ ვიცით

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • FIFA 23-ის სრული ვერსია 30 სექტემბერს გამოდის
  • 30-წლიანი თანამშრომლობა სრულდება
  • ყველაფერი, რაც თამაშის შესახებ ვიცით

ეს ეპოქის დასასრულია. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ FIFA-ს ლეგენდარული თამაში ვუწოდოთ, რომელმაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გააერთიანა და ყველაზე მზარდი ინდუსტრია შექმნა. იგი წლებია საფეხბურთო სიმულატორების ლიდერია, ახლა კი დაუვიწყარი ფრენჩაიზი თავის უკანასკნელ სერიას უშვებს, რის შემდეგაც ახალი ერა დაიწყება. FIFA 23-ის Ultimate Edition 27 სექტემბერს გამოვიდა, ხოლო თამაშის სრული ვერსია (Standard Edition) 30 სექტემბერს გამოდის.

ამ სტატიაში დეტალურად მიმოვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომლებიც FIFA 23-ის შესახებ ვიცით.

30-წლიანი თანამშრომლობის დასასრული

EA Sports-სა და FIFA-ს შორის თანამშრომლობა FIFA 23-ით სრულდება. ამ ორი კომპანიის ურთიერთობა დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყო და ფინანსური შეუთანხმებლობის გამო დასასრულს მიუახლოვდა. 2023 წლიდან ყველაზე პოპულარული საფეხბურთო სიმულატორი სახელს შეიცვლის და მას FIFA-ს ნაცვლად EA Sports FC ერქმევა.

მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ხმები ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვრცელდებოდა, თუმცა ამ ყველაფერს ოფიციალური სახე არ ჰქონია. "ფიფასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ერთად შევქმენით მილიარდების ღირებულების ინდუსტრია. მაგრამ როდესაც მომავალს ვუყურებთ, გვინდა, ფრენჩაიზის შესაძლებლობები კიდევ უფრო გავზარდოთ, რაშიც ფიფასთან ლიცენზია ხელს გვიშლიდა", - ჯერ კიდევ 23 თებერვალს ამბობდა EA-ს აღმასრულებელმა დირექტორი ენდრიუ უილსონი.

ამ განცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, EA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ FIFA-სთან კონტრაქტს წყვეტს, რისი მთავარი მიზეზი ფინანსური შეუთანხმებლობა გახდა. EA Sports-მა FIFA-ს 2013 წლიდან 2022 წლამდე დაახლოებით 850 მილიონი ევრო გადაუხადა, ახლა კი ფიფა ორჯერ მეტს ითხოვდა - იგივე თანხას ოთხ წელში.  

გარეკანზე მბაპესთან ერთად ქალი ფეხბურთელი გამოჩნდა

ავსტრალიის ნაკრებისა და ჩელსის თავდამსხმელი სემ კერი პირველი ქალი ფეხბურთელი იქნება, რომელიც FIFA-ს გარეკანს დაამშვენებს. იგი ავსტრალიის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი კაპიტანია. ამასთან, კერის ეკუთვნის უნიკალური მიღწევა, რაც სამ სხვადასხვა ლიგაში "ოქროს ბუცის" მოგებას გულისხმობს. 

რაც შეეხება კილიან მბაპეს, ის უკვე მესამე წელია, რაც ფიფას გარეკანზე საპატიო ადგილს იკავებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 23 წლის ფრანგ შემტევს ერლინგ ჰაალანდი ჩაანაცვლებდა, მაგრამ კომპანიამ ეს ვერსია არ დაადასტურა. მბაპე და კერი ერთად Ultimate Edition-ის გარეკანზე იქნებიან წარმოდგენილები.

TOP მოთამაშეთა რეიტინგები 

როგორც წესი, სათამაშო სიმულატორის მოყვარულებში ყველაზე დიდ ინტერესესს მოთამაშეთა რეიტინგები იწვევს, რაც თამაშის გამოსვლამდე ხდება ცნობილი. წელს ყველაზე მაღალი მონაცემები ქარიმ ბენზემას, რობერტ ლევანდოვსკის, კილიან მბაპეს, კევინ დე ბრუინსა და ლიონელ მესის აქვთ - მათი რეიტინგი 91-ს შეადგენს. ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენილი კრიშტიანო რონალდოს მონაცემები 90-ით შეფასდა.

FIFA 23-ში ყველაზე სწრაფ ფეხბურთელად პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი კილიან მბაპე დასახელდა. ფრანგის სისწრაფის რეიტინგი 97-ია. საუკეთესო დრიბლინგი ლიონელ მესის აქვს (94) და წლებია ამ კომპონენტში პირველობას არავის უთმობს.

ქართველების მონაცემები

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ქართველი ფეხბურთელების რეიტინგებია. რაც მთავარია, გამოჩნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც FIFA 22-ში არ იყო, რადგან თამაშში რუსული კლუბები არ მონაწილეობდნენ. შარშან გიორგი მაკარიძეს ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა (76), წელს მან მესამე ადგილზე გადაინაცვლა. FIFA 23-ში არ იქნება თორნიკე ოქრიაშივილი, რაც იმითაა გამოწვეული, რომ "ოქრი" ამ დრომდე უკლუბოდაა.

მაშ ასე, FIFA 23-ში სულ 25 ქართველი ფეხბურთელია, მათგან ყველაზე მაღალი რეიტინგი გიორგი მამარდაშვილს აქვს (77). აღსანიშნავია, რომ ვალენსიას ქართველი მეკარის მონაცემები წინა წელთან შედარებით (75) გაზრდილია, რაც ლოგიკურია, რადგან მამარდაშვილი "ღამურების" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება.

მეორე ადგილზე ხვიჩა კვარაცხელიაა - 74. ნაპოლის ახალ ვარსკვლავს განვითარების პოტენციალი 84 აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაშის განახლებებზე კვარას გაზრდილ რეიტინგსა და მის დახვეწილ გამოსახულებას უნდა ველოდოთ.

მესამე პოზიციას სამი ფეხბურთელი იყოფს: გიორგი მაკარიძე (73), გიორგი ქვილითაია (73) და დავით ხოჭოლავა (73). ვთქვათ ისიც, რომ თამაშში ფრანგული მეცის თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის (69) რეიტინგი წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა. რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, მისი მონაცემები განახლების შემდეგ გახდება ცნობილი.

რაკი FIFA 23-ში საქართველოს ნაკრები არ დაუმატებიათ, ქართველი ფეხბურთელების ხილვას თამაშის ყველაზე პოპულარულ რეჟიმებში - FIFA ULTIMATE TEAM-სა (FUT) და Career mode-ში შეძლებთ. 

GAMEPLAY

EA SPORTS-მა ახალ თამაშში მთავარი აქცენტი HyperMotion 2-ის დახვეწაზე გააკეთა. ეს ტექნოლოგია მაღალი ინტენსივობით 22 პროფესიონალი ფეხბურთელის მოძრაობას აერთიანებს. ალგორითმი სწავლობს ჩაწერილი მასალის 9 მილიონ ვერსიას, რის ხარჯზეც თითოეულ ფეხბურთელს ექნება ინდივიდუალური ემოცია, მენტალობა და ხასიათი, რომელსაც მატჩის მიმდინარეობისას გამოავლენს.

დეველოპერებმა ფეხბურთელების დრიბლინგისა და სისწრაფის ცვლილებაზეც იმუშავეს. მათი მიზანია, რომ თამაშის ტემპი აღარ იყოს გადამწყვეტი ფაქტორი, შესაბამისად, შედარებით ნელმა მოთამაშეებმა სწორი მანევრირებით თანაბარი წინააღმდეგობა გაუწიონ სწრაფ ოპონენტებს.

თამაშის დინამიკაში ერთ-ერთი სიახლე ძლიერი დარტყმაა (power shot), რომელიც L1-ისა და R1-ის ღილაკების ერთდროული დაჭერით გამოიყენება. ასევე დაიხვეწა მოთამაშეების გამოსახულება, რაც იმითაა განპირობებული, რომ თამაში მთლიანად თანამედროვე კონსოლებს მოერგო.

რეჟიმები

თამაშში ყველაზე პოპულარული რეჟიმები კვლავ FIFA ULTIMATE TEAM (FUT), Career Mode, Pro Clubs და VOLTA იქნება. აღსანიშნავია, რომ FIFA-ს ბოლო გამოშვებაში ქალი ფეხბურთელები გამოჩნდებიან, ასევე ქალთა საფეხბურთო კლუბები და ლიგები (ინგლისის და საფრანგეთის). FIFA 23-ში მსოფლიოს ჩემპიონატის რეჟიმის დამატებაც იგეგმება, რომელიც მუნდიალის დაწყებას დაემთხვევა.

რაც შეეხება კროს-პლატფორმას, იგი მხოლოდ ერთი თაობის კონსოლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მაგალითად: PlayStation 4-ის მომხმარებლებს შეეძლებათ მხოლოდ Xbox One-ის კონსოლების წინააღმდეგ ითამაშონ, ხოლო PlayStation 5-ის მოთამაშეები Xbox Series S/X-ს დაუკავშირდებიან, თუმცა ეს რეჟიმი ჯერჯერობით, არ მუშაობს.

FIFA 23-ში ლეგენდების ყველა ICON გამოვლინდა

FIFA 22-ში სულ 105 ICON იყო, რაც გუნდის ასაწყობად საკმაოდ დიდ არჩევანს იძლეოდა. ახალ სერიაში ლეგენდების სია 98-მდე შემცირდა. თამაშში სხვადასხვა მიზეზების გამო არ იქნებიან: კასილიასი, მარადონა, კაფუ, დეკო, ბაჯო, გიგზი, გვარდიოლა, ოვერმარსი და ინძაგი, თუმცა კომპანია მათ დამატებას უახლოეს მომავალში გვპირდება. სამაგიეროდ, FIFA 23-ში ახალი სახეები გამოჩნდნენ: ჩაბი ალონსო (90), გერდ მიულერი (94) და ჟაირზინიო (92).

ICON-ების სხვადასხვა ვერსიები ერთმანეთისგან არამხოლოდ რეიტინგებით, არამედ გამოსვლის დროითაც განსხვავდებიან. მაგალითად, Base და Mid აიკონები უკვე ხელმისაწვდომია, მაგრამ ყველაზე პრესტიჟული ვერსიები დეკემბერში და აპრილში გამოდის. 

FIFA 22-ში ყველაზე ხშირად გამოყენებული ICON კენი დალგლიში გახლდათ (94). მეორე პოზიციაზე ერიკ კანტონაა (94), მესამეზე კი მადრიდის რეალის ლეგენდა რაული (93). ყველაზე პოპულარული აიკონების ათეულში ასევე შედიან: რიო ფერდინანდი (91), ემანუელ პეტი (91), უგო სანჩესი (93), პაველ ნედვედი (92), კლარენს ზეედორფი (93), დევიდ ბექჰემი (94) და ჰენრიკ ლარსონი (91).

ტედ ლასო და რიჩმონდის საფეხბურთო კლუბი FIFA 23-ში

რამდენიმე დღის წინ თამაშის მოყვარულებისთვის ძალიან საინტერესო სიახლე გავრცელდა - Apple-ის პოპულარული სერიალის გმირი ტედ ლასო და მისი რიჩმონდის საფეხბურთო კლუბი FIFA 23-ში გამოჩნდებიან. ინფორმაცია ტედ ლასოს Twitter-ის გვერდმა გვამცნო, როგორც ჩანს, AFC Richmond-ის მენეჯერი ახალი სპორტული ტიტულისკენ მიიწევს.

მოკლედ, ყველა წინაპირობაა იმისთვის შექმნილი, რომ თამაშმა გულშემატკივრების მოლოდინი ბოლომდე გაამართლოს. FIFA-ს საოცარი ფრენჩაიზი კი სამუდამოდ შევა საფეხბურთო სიმულატორების ისტორიაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები