Thumbnail

France24: ფენომენი ნინიაშვილი TOP 14-ში ქართველებზე წარმოდგენას ცვლის

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • France 24-ის სტატია დავით ნინიაშვილის შესახებ
  • ქართველმა მორაგბემ მიმდინარე სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო

ფრანგული ლიონის და საქართველოს ნაკრების მორაგბე დავით ნინიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატში მაღალ დონეზე თამაშობს და მის შესახებ გამოცემა France 24-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის ქართველ მორაგბეებზე TOP 14-ში წარმოდგენას ცვლის.

"1990-იანი წლების ბოლოდან ფრანგული რაგბი და TOP 14 გაჟღენთილია აგრესიული ქართველი ფორვარდებით, მაგრამ ერთი, 20 წლის "ბორჯღალოსანი" იმიჯის შეცვლას ხელს უწყობს. ლიონის მორაგბე დავით ნინიაშვილი ფულბეკადაც თამაშობს და ფლანგზეც, გასულ სეზონში ლიგის 15 მატჩში 5 ლელო მიითვალა. ის ასევე დაეხმარა კლუბს ჩელენჯ ქაფის მოგებაში, სულ რაღაც მე-6 ევროპულ მატჩში.

"მახსოვს მისი პირველი ვარჯიშები. მხოლოდ 18 წლის იყო. ჩვენ (სამწვრთნელო შტაბმა) მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით, მაგრამ მაშინვე დავინახეთ, რომ სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა და კარგი უნარები ჰქონდა. შესანიშნავი აჩქარება აქვს. მაშინ ყველამ ვთქვით: "ვაუ, ვინ არის ეს ახალგაზრდა ფენომენი საქართველოდან?", - ამბობს ლიონის მთავარი მწვრთნელი კენდრიკ ლინი.

როცა ნინიაშვილი 2021 წლის ზაფხულში ლიონში ჩავიდა, იქ კიდევ ერთი ქართველი 110 კგ-იანი ბექა საღინაძე გადავიდა, რომელიც მისთვის შინაური იყო. "დავითს გაუმართლა, რომ აქ ბექაც იყო, მისთვის ასე ყველაფერი უფრო იოლი გახდა", - აღნიშნა ლინმა.

ნინიაშვილი წინა ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ივლისში ნინიაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, როდესაც მისმა ქვეყანამ პირველად დაამარცხა ‘პირველი დონის’ მეტოქე, იტალიის ნაკრები. "ბორჯღალოსნების მოგება ისტორიული იყო, დავითი კი ძალიან მაგარი", - თქვა საღინაძემ და ასევე ამბობს: "დავითი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რადგან კარს უხსნის ქართველ ახალგაზრდებს, რომელთაც ფულბეკობა სურთ. ისინი ხედავენ, რომ ეს შესაძლებელია და მხოლოდ ფიზიკურად ძლიერებს არ შეუძლიათ უცხოეთში თამაში".

მან მიმდინარე სეზონში უკვე 3 ლელო გაიტანა, მათ შორის დუბლი შეასრულა სტად ფრანსესთან გასულ უქმეებზე, ასევე 50 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა. "დღევანდელ რაგბიში ვინგერისა და ფულბეკის პოზიციები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. სეზონის დაწყებიდან დავითი ყოველ კვირაში მეკითხებოდა, ითამაშებდა თუ არა ფულბეკად. ამ პოზიციაზე კარგად თამაშობს და ვიცოდი, რომ სტად ფრანსესთან გაიბრწყინებდა. ვიცით, რომ ყოველთვის 100%-ს გაიღებს. მას შეუძლია მატჩებში სხვაობის შექმნა", - თქვა ლინმა.

შაბათს, ლიონი და ნინიაშვილი კლერმონში გაემგზავრებიან, რომლის რიგებში ორი ქართველია - დავით ქუბრიაშვილი და გიორგი ძმანაშვილი", - წერს გამოცემა.

მიმდინარე სეზონში დავით ნინიაშვილმა 3 ლელო მიითვალა, გასულ ტურში კი CANAL PLUS-მა ტურის საუკეთესო მორაგბედაც დაასახელა. ლიონს ამ დროისთვის 9 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 1 ოქტომბერს ფრანგული რაგბის კიდევ ერთ გრანდ კლერმონთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები