Thumbnail

'მინდა მზად ვიყო იმ მომენტისთვის' - სანდრო მამუკელაშვილი მილუოკიში ახალ სეზონზე

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს სეზონის დაწყების წინ ისაუბრა
  • მილუოკი პრესეზონის პირველ მატჩს 2 ოქტომბერს გამართავს

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის პრესეზონის დაწყების წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

მილუოკის ბაქსის ფორვარდს მედიის წარმომადგენლებმა შეკითხვები სხვადასხვა თემაზე დაუსვეს, მათ შორის დაცვაში თამაშსა და ზაზა ფაჩულიაზე. 

…ზაზას შესახებ: "პატარაობაში მისი ფანი ვიყავი. როცა აქ სათამაშოდ ჩამოვედი, გოლდენ სტეიტის მატჩზე დამპატიჟა. მას შემდეგ ოჯახური ურთიერთობა გვაქვს, კონტაქტი მუდმივად გვაქვს. მიზიარებს საკუთარ აზრებს, თუ როგორ ვთამაშობ, როგორ შემიძლია სხვადასხვა კომპონენტის გაუმჯობესება, როგორ გავხდე უკეთესი კალათბურთელი. ზაზა ჩემთვის უფროსი ძმაა. საქართველოში იყო ჩამოსული და მის მხარდაჭერას სულ ვგრძნობდი".

…მოსამზადებელ ეტაპზე: "ახალგაზრდა ვარ, კალათბურთის თამაში მიყვარს, შესვენებები არ მჭირდება. მინდა მილუოკიში თავი დავიმკვიდრო და ყველას დავანახო, რომ გასული ზაფხულის შემდეგ უკეთესი გავხდი. ცოტა ხნის წინ შევიკრიბეთ და ძალიან კარგი დღეები გვქონდა, ერთმანეთს ვეჯიბრებით, ახალ კომბინაციებზე ვმუშაობთ და ეს ყველაფერი მომწონს".

…გუნდზე: "ვიცი, რომ ძალიან ძლიერი და ღრმა შემადგენლობა გვყავს. თავდაუზოგავად ვმუშაობ, დარბაზში დღეში ორ-სამჯერ მოვდივარ, სხეულის გაძლიერებას ვცდილობ და მინდა, მზად ვიყო იმ მომენტისთვის, როცა ჩემი დრო დადგება. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ყველა ჩვენგანს ერთმანეთი უყვარს და ერთმანეთზე დარდობს. ახალგაზრდა ვარ, მომთმენი უნდა ვიყო და საკუთარ შანსს დაველოდო. თუ ეს შესაძლებლობა მალე არ მოვა, მუშაობა უნდა გავაუმჯობესო". 

…ევრობასკეტზე გამოსვლაზე: "ევროპული კალათბურთი NBA-სგან განსხვავებულია - მანევრებისა და მუშაობისთვის დიდი სივრცე გაქვს. ევროპაში ზოგჯერ თამაში უფრო ნელა მიმდინარეობს. ჩემი მწვრთნელი, ჯეკი თან მახლდა, ვმუშაობდით იმაზე, თუ რა უნდა გამეკეთებინა შეხვედრებში. თუმცა, უფრო მეტად იმაზე იყო ორიენტირებული, რომ ამ სეზონისთვის განვვითარებულიყავი. საქართველოს ნაკრებში თამაშისა და შრომის საშუალება მომცეს. ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა, ევროპული კალათბურთიდან რაღაცები ვისწავლე, ჯეკი კი იმ მხრივ მავარჯიშებდა, თუ როგორ ვითამაშო უკეთ NBA-ში". 

…დაცვაში თამაშზე: "ძალიან გამიმართლა, რადგან, ზოგადად, ამ კუთხით განვითარება როცა გინდა, სირბილით, ერთი-ერთზე თამაშით, სხეულის გაძლიერებაზე მუშაობით ცდილობ. მე კი გასულ ზაფხულში ძალიან ბევრი ვითამაშე, ბრწყინვალე ტურნირებზე. ზაფხულის ლიგამდე მოსამზადებელი ბანაკი გვქონდა, შემდეგ თავად ზაფხულის ლიგა ძალიან კარგი გამოვიდა. ამის მერე კი ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი შეკრება და ევრობასკეტი იყო. ისე გამოვიდა, რომ დაცვაში თამაშის გაუმჯობესებაზე შეხვედრებში ვმუშაობდი. პროგრესი მაქვს, თუმცა ამ კომპონენტში მომატება ისევ მჭირდება". 

…ფიზიკურ კონდიციებზე: "ახლა უფრო მძიმე წონების აწევას ვახერხებ. სწორ კვებაზე ბევრი ვიმუშავე. ვიცოდი, რომ პლეი ოფში თამაში არ მომიწევდა, ამიტომ, როგორც კი რეგულარული სეზონი დამთავრდა, გეგმა შევადგინეთ, თუ როგორ უნდა გავძლიერებულიყავი ფიზიკურად, როგორ გავმხდარიყავი უფრო სწრაფი. ეს კომპონენტი ჩემთვის ისეთი პრობლემა აღარ არის, როგორც ადრე იყო. ჩემზე ძლიერი ბიჭებიც არიან, მაგრამ ახლა უკეთ ვარ მომზადებული და ვიცი, რა უნდა გავაკეთო მათთან თამაშის დროს".

სანდრო მამუკელაშვილი გასული ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე 15,2 ქულასა და 11 მოხსნას აგროვებდა. მარგი ქმედების კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებლით სანდრო ყველა კალათბურთელს შორის მერვე ადგილზე გავიდა. ორმაგი დუბლების (4) მხრივ მილუოკისა და საქართველოს ნაკრების ფორვარდი ჯგუფური ეტაპის ლიდერი ბულგარელ ვეზენკოვთან ერთად გახლდათ, მოხსნებში კი მესამე ადგილი დაიკავა. მილუოკი კი პრესეზონის პირველ შეხვედრას მემფის გრიზლისთან გამართავს. მატჩი 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები