Thumbnail

'მზად ვარ, მივიღო ნებისმიერი გადაწყვეტილება' - ვაკო ყაზაიშვილი სკანდალზე

  • ტელეკომპანია 'ფორმულამ' სკანდალური აუდიოჩანაწერი გაავრცელა
  • ვაკო ყაზაიშვილის ცოლისძმა ნაკრების ფეხბურთელებს ემუქრება
  • ვაკო ყაზაიშვილმა ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა

ტელეკომპანია "ფორმულა" გადაცემაში შაბათის ფორმულა სკანდალურ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სადაც ნაკრების ფეხბურთელებს სიცოცხლის მოსპობითა და ცემით ემუქრებიან. აუდიოჩანაწერის წყარო "ფორმულასთან" ამბობს, რომ მუქარის ავტორი ნოდარ ნიშნიანიძეა, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნება.

ნოდარ ნიშნიანიძე ვაკო ყაზაიშვილის ცოლისძმაა. ის წლებია, რაც ქართულ ოცნებას დაუპირისპირდა და ფიქრობს, რომ ყაზაიშვილი ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ, მასთან ნათესაური კავშირის გამო ვერ ხვდება. სავარაუდოდ, ნიშნიანიძემ ვლადიმერ დვალიშვილთან ისაუბრა, რომელსაც "შაბათის ფორმულა" დაუკავშირდა. დვალიშვილმა შაბათის ფორმულას უთხრა, რომ მათ არასწორი ინფორმაცია აქვთ.

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, ვაკო ყაზაიშვილმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც მან ქართველ ქომაგებს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად მზადაა.

"პირველ რიგში, ქართველი ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს  ბოდიშს ვუხდი ფაქტისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია.  
ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. ყველამ, ვინც დღეს, ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენს, იცის რამდენი შრომა ჩავდე ჩემი კარიერის შენებაში.

პირველად ნაკრებში 9 წლის წინ გამომიძახეს და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში.
ეროვნული ნაკრების გარეშე ფეხბურთელის კარიერული ცხოვრება სრულფასოვანი არასოდესაა. ყველა ფეხბურთელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სწორედ ნაკრებია და მეც არ ვარ გამონაკლისი.
ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს იცის, რომ ჩემს მიერ გატანილი გოლების და დაშვებული შეცდომების უკან მხოლოდ მე ვდგავარ. არავინ და არაფერი ჩემი შრომის და ფეხბურთის სიყვარულის გარდა.
ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის მეგობრებზე. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის. 

ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ. ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება".

კომენტარები

ბოლო ამბები