გასული შაბათ-კვირა მოვლენებით დახუნძლული იყო. პოზიტიურთან ერთად, სამწუხაროდ, იყო სკანდალური, ნეგატიური ამბავიც, რომელზეც აქ აღარ შევჩერდებით. განსაკუთრებით სასიხარულო კი ის ფაქტია, რომ ბრწყინვალედ გამოსვლას აგრძელებს ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გოლები ჯერ საქართველოს ნაკრების ფორმით გაიტანა (ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტართან), შემდეგ კი ნაპოლიში დაბრუნებულმა თავი იტალიის ჩემპიონატშიც გამოიჩინა. ნაკრებიდან კლუბში ასევე გოლით დაბრუნდა ეროვნულ გუნდის კაპიტანი გურამ კაშიაც, რომელიც სლოვანს მოგებაში დაეხმარა.
ნაპოლი | ვინ რა თქვა და დაწერა კვარაზე
ნაპოლიმ სერია A-ს მე-8 ტურში "მარადონაზე" ტორინოს უმასპინძლა, ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა და 20 ქულთ სატურნირო ცხრილის სათავეშია. სამიდან ერთი გოლი ხვიჩამ შეაგდო, რომელსაც 5 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ბოლონიას ფორვარდ მარკო არნაუტოვიჩს (6) ჩამორჩება. რა თქვა თამაშის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ და როგორი შეფასება ჰქონდა ხვიჩას თამაშს, ქვემოთ მოცემულ ბმულზე ნახავთ.
📋 | ყველა სიახლე კვარაცხელიას შესახებ ნახეთ აქ.
სლოვანი | კაშია გოლით დაბრუნდა
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში ბრატისლავის სლოვანმა პოდბრეჟოვას უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება (3:1) მოიპოვა, რომელშიც გურამ კაშიამ დიდი წვლილი შეიტანა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 88-ე წუთზე კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით გაიტანა. კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა (5 მატჩში), სეზონში კი - მეორე (ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფერენცვაროშთან).
კრემონეზე | ლოჩოშვილი ახალ სქემაში
სერია A-ს მე-8 ტური იტალიაში მოთამაშე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელისთვის, ლუკა ლოჩოშვილისთვისაც იყო მნიშვნელოვანი. კრემონეზე სტუმრად ლეჩეს დაუპირისპირდა და მართალია, მატჩი ფრედ (1:1) დაასრულა, ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა და თან საკმაოდ დამაჯერებლად. ლუკამ, რომელიც ამ მატჩში მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვიხილეთ (კრემონეზეს მწვრთნელმა 3-მცველიანი ტაქტიკა შეცვალა და გუნდი კლასიკური 4-მცველიანი სისტემით ათამაშა), Whoscored-ისგან მან 6.5 ქულა დაიმსახურა.
📋 | ლეჩე-კრემონეზეს მატჩის შესახე მეტი ნახეთ აქ.

მილუოკი | მამუკელაშვილმა მზადება დაიწყო
სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსმა NBA-ს ახალი სეზონის დაწყებამდე პირველი მოსამზადებელი მატჩი ჩაატარა და მემფის გრიზლისთან 102:107 წააგო, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი კი მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სანდრო სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე 21 წუთი გაატარა და 15 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ბაქსი მომდევნო მატჩს 6 ოქტომბერს, ატალანტასტან ჩაატარებს.
📋 | მიულოიკი-მემფისის მატჩის შესახებ მეტი ნახეთ აქ.

ჩოგბურთი | ნოლე დაბრუნდა და მოიგო
35 წლის სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონზე ტრიუმფის შემდეგ ATP ტურის ეგიდით პირველი ტურნირი ჩაატარა და ისე მოიგო, მეტოქეთათვის სეტიც კი არ დაუთმია. ნოლემ თელ ავივის ღია პირველობის (საპრიზო ფონდი 1 019 855 დოლარი) ფინალში ხორვატ მარინ ჩილიჩს 6:3, 6:4 სძლია. აღსანიშნავია, რომ ნოვაკმა კარიერაში - 89-ე, მიმდინარე სეზონში კი მე-3 ტიტული მოიგო. უიმბლდონამდე მან ჩემპიონობა რომის მასტერსზე იზეიმა. ამგვარად, სერბი ჩოგბურთელი მიმდინარე სეზონში ATP ტურში ერთადერთია, ვისაც ტურნირი სამივე საფარზე მოუგია.
📋 | ჯოკოვიჩის ისრაელში მიღწეულ წარმატებაზე მეტი ნახე აქ
კომენტარები