Thumbnail

ჯოკოვიჩი დაბრუნდა და მოიგო - ნოვაკმა ფინალში ჩილიჩი დაამარცხა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:3, 6:4 მარინ ჩილიჩი
  • სერბმა ჩოგბურთელმა კარიერაში 89-ე ტიტული დაისაკუთრა

35 წლის სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონური ტრიუმფის (10 ივლისს) შემდეგ ATP ტურის ეგიდით პირველი ტურნირი ჩაატარა და ისე მოიგო, მეტოქეთათვის სეტიც კი არ დაუთმია.

ნოლე ისრაელში იყო ჩასული და თელ ავივის ღია პირველობის (საპრიზო ფონდი 1 019 855 დოლარი) ფინალში ხორვატ მარინ ჩილიჩს 6:3, 6:4 სძლია. მანამდე, ჯოკოვიჩმა ესპანელ პაბლო ანდუხარს (6:0, 6:3), კანადელ ვასეკ პოსპიშილსა (7:6, 6:3) და რუს რომან საფიულინს (6:1, 7:6) აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ნოვაკმა კარიერაში - 89-ე, მიმდინარე სეზონში კი მე-3 ტიტული მოიგო. როგორც აღვნიშნეთ, ზაფხულში მან უიმბლდონზე იმარჯვა, მანამდე კი, რომის მასტერსის ჩემპიონიც გახდა. ამგვარად, სერბი ჩოგბურთელი მიმდინარე სეზონში ATP ტურში ერთადერთია, ვისაც ტურნირი სამივე საფარზე მოუგია.

ამას გარდა, ჯოკოვიჩი მე-5 მოთამაშე გახდა, რომელსაც ამ სეზონში მინიმუმ 3 შეჯიბრი აქვს მოგებული. ამ მხრივ ლიდერი კარლოს ალკარასია 5 ტიტულით, რაფაელ ნადალს 4 ტურნირზე უმარჯვია, ანდრეი რუბლიოვსა და კასპერ რუუდს კი ზურგს 3-3 ჯილდო უმაგრებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები