Thumbnail

ბენზემამ პენალტი ვერ გაიტანა, რეალმა პირველი ქულები დაკარგა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რეალი 1:1 ოსასუნა
  • მადრიდელებმა ლიდერობა დაკარგეს, პირველ ადგილზე ბარსელონამ გადაინაცვლა

მადრიდის რეალმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა. კარლო ანჩელოტის გუნდი ოსასუნასთან საშინაო მატჩში აშკარა ფავორიტი იყო და იგებდა კიდეც, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – 1:1.

რეალი პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდა, როდესაც დავიდ ალაბას პასით ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა, შესვენების შემდეგ მალევე კი წონასწორობა კიკე გარსიამ აღადგინა. მადრიდელები გამარჯვებასთან გაცილებით ახლოს იყვნენ და ალბათ, მორიგ სამ ქულასაც აიღებდნენ, ისინი კარიმ ბენზემას რომ არ დაეღალატებინა.

მატჩის 76-ე წუთზე ფრანგი ფორვარდი საჯარიმოში დავიდ გარსიამ წააქცია და მართალია, თავდაპირველად, ეს ეპიზოდი მთავარმა მსაჯმა გილერმო კუადრა ფერნანდესმა რეაგირების გარეშე დატოვა, VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, 11-მეტრიანი დანიშნა და ოსასუნას მცველს წითელი ბარათიც უჩვენა.

11-მეტრიანი დავიდ გარსიას ამ ფოლს მოჰყვა, თუმცა, კარიმ ბენზემამ ხარიხას გაარტყა

პენალტის ნიშნულთან თავად დაზარალებული მივიდა, თუმცა, ხარიხას გაარტყა. საინტერესოა, რომ წლეულს აპრილში ბენზემამ იმავე ოსასუნასთან შეხვედრაში 2 პენალტი შეასრულა და ისინიც გააცუდა (ორივე შემთხვევაში ბურთი სერხიო ერერამ მოიგერია).

თუკი ისევ დღევანდელ შეხვედრას დავუბრუნდებით, სათქმელია, რომ ბენზემამ 81-ე წუთზე მაინც გაიტანა, თუმცა, ამჯერად, VAR საქმეში მისთვის საწინააღმედგოდ: გოლი ოფსაიდის გამო გაუუქმეს.

ამგვარად, რეალმა ვერ მოახერხა სეზონის სტარტიდან ყველა შეჯიბრზე ზედიზედ მე-10 მატჩი მოეგო. გასულ შეხვედრაში მადრიდელებს 27 ქულა ჰქონდათ აღებული და ბურთების სხვაობაც შთამბეჭდავი გახლდათ - 24:6.

კონკრეტულად ლა ლიგაში მადრიდელებს 7 ტურში 19 ქულა მოუგროვდათ და უკვე მეორენი არიან, რადგანაც ლიდერ ბარსელონას ბურთების სხვაობით ჩამორჩებიან. რეალი ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრას 8 ოქტომბერს სტუმრად ხეტაფესთან ჩაატარებს, 5 ოქტომბერს კი, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით დონეცკის შახტართან შეხვედრა ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები