Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელიაზე ყველა რომ საუბრობს, ეს უკვე ახალი ამბავი არაა. ამჯერად, ქართველ ფეხბურთელზე ვრცლად ლეგენდარულმა ალესანდრო დელ პიერომ ისაუბრა, თანაც ძალიან დადებითად.

იუვენტუსის ყოფილმა კაპიტანმა Sky Club-თან საუბარში ხვიჩას თვისებებზე დეტალურად ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მისნაირი მოთამაშის ყოლა გუნდისთვის დიდი უპირატესობაა.

"მწვრთნელმა და კლუბის ხელმძღვანელობამ ტრანსფერებზე კარგად იმუშავეს, რადგან აშკარა იყო მინიშნებები იმაზე, სპალეტის როგორი ტიპის მოთამაშეები სურდა. მენეჯმენტმა ძალიან იყოჩაღა ახალი მოთამაშეების დამატების თვალსაზრისით. მათ არ დაიმატეს პირველი დონის ფეხბურთელები, არამედ მოთამაშეები, რომლებმაც თავიდანვე გიჟური ეფექტი მოახდინეს. კვარა შთამბეჭდავია, ის ყოველთვის ახერხებს მეტოქის მოტყუებას. ამას პოლიტანოც ხშირად აკეთებს, მაგრამ ის მოედნის შუაში იწევს, ქართველი კი მეტოქეზე პირდაპირ მიდის. მას აქვს ძრავა, ტექნიკა, სითამამე და თავხედობა. ის მართლაც საოცარ რაღაცებს აკეთებს და იმედი ვიქონიოთ, რომ ასე გაგრძელდება, რადგან სასიამოვნოა მისი თამაშის ყურება. როცა ასეთი ფეხბურთელი გყავს, უპირველეს ყოვლისა ის უპირატესობა გაქვს, რომ თუ მეტოქის დაცვას გაარღვევს, მერე მთელი გუნდი ხვდება, რომ დამატებითი იარაღი აქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ სპალეტის გუნდები დიდი ხანია კარგად თამაშობენ, იმიტომ, რომ მას შეუძლია ფეხბურთელების საუკეთესო პირობებში ჩაყენება, რაც მათ საშუალებას აძლევს თავიანთი ყველა თვისება გამოავლინონ", - აღნიშნა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით დღემდე 10 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, 2-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ორჯერაც პენალტი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები