Thumbnail

რაგბი | 9 ცვლილებით ბელგიასთან - U18 საქართველო ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა გადაახალისა
  • თამაში თბილისში რაგბი პლატოზე 5 ოქტომბერს 16:15 საათზეა დაგეგმილი

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდის ცნობით, მეოთხედფინალში ჩეხეთის განადგურების (76:0) შემდეგ, სასტარტო თხუთმეტეულში 9 ცვლილებაა – 4 ხაზში და 5 შერკინებაში.

ბელგიასთან ღერძზე თამაშს ალექსანდრე ჯიღაური და ლუკა ჭინჭარაული იწყებენ, ცენტრში კი გიორგი ხაინდრავას ამჯერად ლუკა კობაური შეუწყვილდება. ფულბეკის პოზიციაზე ლუკა ხორბალაძეს ვიხილავთ, ფრთებზე კი ადგილი ტატო ბურთიკაშვილმა და ზურა ნინიძემ შეინარჩუნეს.

შერკინებაში კვლავ ძირითადში არიან მარცხენა ბურჯი ლუკა კოტორაშვილი, გუნდის კაპიტანი გიორგი გერგედავა და მესამეხაზელი ანდრო დვალი, ოღონდ გერგედავამ მესამედან მეორე ხაზში გადაინაცვლა, ხოლო დვალი შემკვრელის მაგივრად ფლანკერი იქნება. ჩეხეთთან ტრავმა მიიღო შოთა ხელაძემ და მის ნაცვლად ძირითადში მიხეილ ხახუბიას ვიხილავთ, თადარიგში კი გიგი ჭუმბურიძე გამოჩნდა. ძირითადშია ერთადერთი ლეგიონერი, ფრანგული ტულონის ბურჯი დავით მჭედლიძე. თამაშს იწყებენ თორნიკე ღანიაშვილი, ნიკა ლომიძე და თამაზ ჭამიაშვილიც.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბელგია გაანადგურეს
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

“ტურნირი დროის მცირე მონაკვეთში ტარდება და ამ დროს შემადგენლობაში როტაცია ჩვეულებრივი ამბავია, რადგან მოთამაშეებს დასვენება და ძალთა გადანაწილება სჭირდებათ. ამასთან, ჩვენი სურვილია, რომ ყველა მოთამაშეს თანაბარი სათამაშო დრო მივცეთ“ – განაცხადა საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა მიხეილ სუჯაშვილმა.

საქართველოსა და ბელგიის შეხვედრა თბილისში, “რაგბი პლატოზე“ 5 ოქტომბერს 16:15 საათზე დაიწყება, მე-2 ფინალისტის ვინაობა კი ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებთა მატჩში გაირკვევა. V-VIII ადგილებისთვის ბრძოლას გერმანია, რუმინეთი, ნიდერლანდები და ჩეხეთი აგრძელებენ.

საქართველო ბელგიასთან

ხაზი: 15. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 14. ზურა ნინიძე (ბათუმი), 13. ლუკა კობაური (აკადემია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. ლუკა ჭინჭარაული (ლელო), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);
შერკინება: 1. ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 5. გიორგი გერგედავა (აია, კაპ.), 6. ანდრო დვალი (ლელო), 7. ნიკა ლომიძე (ხარები), 8. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები).
სათადარიგოები: 16. გიგი ჭუმბურიძე (აია), 17. გიორგი მჭედლიშვილი (აკადემია), 18. გიგა თუთისანი (აია), 19. კახა შეყილაძე (ხვამლი), 20. ჯაბა ოდიშარია (ლელო); 21. ლადო ტყაბლაძე (აია), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა კეშელავა (არმია), 24. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 25. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 26. ნიკა აბესაძე (ლელო).

U18 Rugby Europe ჩემპიონატი, საქართველო 2022 🏆 უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ნახევარფინალისთვის დასახელდა. გაიგე...

Posted by Georgian Rugby on Tuesday, October 4, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები