Thumbnail
  • 'მასთან არაერთხელ მისაუბრია, ამდენად, როდესაც ეს ამბავი შევიტყვე, შოკში ვიყავი'
  • 'ქართველებმა ის ფაქტი, რომ თბილისში იყვნენ, მაქსიმალურად გამოიყენეს'
  • თურქეთის ნაკრების კაპიტანი თორნიკესთან საქმის გარჩევას აპირებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

თურქეთის ეროვნული ნაკრებისა და სტამბოლის ფენერბაჰჩეს კაპიტანმა მელიჰ მაჰმუტოღლუმ ვრცელი ინტერვიუ მისცა Eurohoops-ს და მათ შორის გასული ევროპის ჩემპიონატის პერიპეტიებზე ისაუბრა. თურქმა მცველმა აღნიშნა, რომ სეზონის განმავლობაში აუცილებლად ეცდება ურთიერთობის გარკვევას თორნიკე შენგელიასთან, რომელიც თბილისში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი გახლდათ.

მელიჰ მაჰმუტოღლუ: "სხვა ჯგუფებთან შედარებით, თბილისური ჯგუფი ქაღალდზე სუსტად მოსჩანდა. ცხადია, მთავარი ფავორიტად ესპანეთი იყო, მაგრამ ჩვენ გვქონდა მატჩი საქართველოსთან და როდესაც თქვენ მასპინძლებს ეთამაშებით, ეს, ყოველთვის რთულია. იმ შეხვედრაში მოხდა ამბავი, რომელიც მოედანზევე უნდა დარჩენილიყო, თუმცა, სამწუხაროდ, გაგრძელება დერეფანში მოჰყვა. ქართველებმა ის ფაქტი, რომ შინ იყვნენ, მაქსიმალურად გამოიყენეს, მაგრამ მინდა ვთქვა, ამან ჩვენზე მხოლოდ დადებითად იმოქმედა. თურქები ვართ, როდესაც წინააღმდეგობას ვაწყდებით, უფრო მეტად ერთიანები ვხდებით.

საქართველოსთან მატჩის მერე თორნიკე შენგელია არ მინახავს. მას არაერთხელ შევხვედრივარ, გვისაუბრია, მოკლედ, ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, ამდენად, როდესაც მომხდარის შესახებ შევიტყვე, შოკში ვიყავი. შენგელიასგან ამას არ ველოდი. გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა მეტოქე კალათბურთელთან საქმეების დერეფანში გარჩევა, თანაც იმ ფონზე, როდესაც თვითონ ტრავმირებული იყო. ჩემი აზრით, ამისთვის ჯარიმას იმსახურებს.

სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ დერეფანში გადაღებული ვიდეოს ნახვა და უცნობია ზუსტად რა მოხდა, თუმცა, ის ხომ ვიცით, რაც ფურკანმა მოგვიყვა და მისი გვჯერა. დაცვის სამსახური ისე მოქმედებდა, თითქოს დამნაშავეები ვყოფილიყავით... ვერ გეტყვით, რა განზრახვა ჰქონდათ შენგელიას ან ბითაძეს. მათი მხრიდან შეტევა ნამდვილად გაუმართლებელი გახლდათ.

მაშინვე ვთქვი და ახლაც ვამბობ: სეზონი გრძელია და ისევ შევხვდებით. ვნახავთ, შენგელია გაბედავს თუ არა გააკეთოს იგივე რაც საქართველოში, სადმე სხვა ადგილას. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქალაქი თუ ქვეყანა იქნება. რაც საჭირო იქნება, მაშინ გავაკეთებთ, ზოგადად კი, ასეთი რამეები სპორტში არ უნდა ხდებოდეს. მოედანზე უთანხმოება ხშირი ამბავია, თუმცა, ის იქვე რჩება, თუნდაც, ეს მოთამაშეთა შორის ჩხუბი იყოს. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. იმედი მაქვს, მსგავსი რამ აღარ განმეორდება”.

საქართველო-თურქეთი: მელიჰ მაჰმუტოღლუ დუდა სანაძის წინააღმდეგ

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2022-ს A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა თბილისი არენაზე თურქეთი 88:83 დაამარცხა. მატჩის დროს ერთმანეთს დუდა სანაძე და ფურკან კორკმაზი დაუპირისპირდნენ, რისთვისაც ორივე მათგანი გააძევეს. ინციდენტი დარბაზის კორიდორსა და გასახდელში გაგრძელდა და აღნიშნული კალათბურთელების გარდა, მასში მონაწილეობას გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელიაც იღებდნენ. თურქული მხარე ამ დრომდე ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელები კორკმაზს თავს დაესხნენ.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) სექტემბრის შუაწელს ოფიციალურად დაადასტურა, რომ აღნიშნული ინციდენტის დეტალები გამოიკვლია და დისციპლინარული სამართალწარმოება დაიწყო თურქეთისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციების მიმართ. თუ რა სასჯელი ელით კორკმაზს, სანაძეს, შენგელიასა და ბითაძეს, ეს, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები