Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ნაპოლიმ ამსტერდამში, აიაქსი 6:1 გაანადგურა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში ცხადია დადებითად შეაფასა და უმეტეს წილად, 7.5 ქულა დაიმსახურა (ზოგან 7 და 8).

Calciomercato: "როცა არ ჯიუტობს, ბრწყინვალე ფეხბურთელია. საგოლე პასი გოლზე, რომლითაც ნაპოლი დაწინაურდა, ერთი მომენტი ეგოისტობის გამო გააფუჭა, მაგრამ ასევე ტაშს იმსახურებს, როცა ოლივერას დაეხმარა. მეორე ტაიმში კი მხოლოდ შექებას იმსახურებს: თავგანწირვით ითამაშა და გოლიც გაიტანა".

Sportmediaset: "სხვა შემთხვევებთან შედარებით ნაკლებად ცქრიალა იყო, რამდენიმე კარგი მომენტი გაანიავა, მაგრამ შემდეგ დი ლორენცოს საგოლე პასი გაუკეთა, რამაც მატჩი გადაატრიალა. მეორე ტაიმში კი, სანამ მოედანს დატოვებდა, გოლიც გაიტანა".

Calcionapoli1926: "პრაქტიკულად შეუჩერებელი. ცალი ფეხითაც კი გაიტანა. სხვა რამის დამატება ზედმეტია. მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა".

Tuttonapoli: "ორმაგ დაცვას ეთამაშებიან, ფეხებშიც ურტყამენ, მაგრამ ის მაინც ბრწყინავს. ყოველთვის ახერხებს სასარგებლო იყოს დრიბლინგის დროს თუ უბურთოდ. დი ლორენცოს საგოლე პასი გაუკეთა, შემდეგ რასპადორისთან კომბინაცია გაითამაშა და ჩემპიონთა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა (ეჭვგარეშეა ძალიან ბევრი გოლიდან)".

Calciomercato: "რენში არ აძლევს უფლებას, რომ მარტივი თამაში ჰქონოდა, მაგრამ თავისი თვისებებით მაინც ახერხებს ორჯერ საგოლე მომენტის შექმნას, ჯერ დი ლორენცოზე საგოლე პასის გაკეთებას და მერე "აძურის" მე-5 გოლის გატანას".

ვან გოგი? არა, კვარავაჯო! - ასე გამოეხმაურა ნაპოლის ოფიციალური ფეისბუქგვერდი ხვიჩა კვარაცხელიას გოლს აიაქსის კარში. 

🖌️ Van Gogh? Nope, 𝓚𝓿𝓪𝓻𝓪𝓿𝓪𝓰𝓰𝓲𝓸 💙 #ForzaNapoliSempre

Posted by SSC Napoli on სამშაბათი, 04 ოქტომბერი, 2022


ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა სეზონში ასეთია: 11 მატჩი, 6 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი. კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაში 21 წლის ქართველის აქტივში გოლი, 2 საგოლე პასი და მოპოვებული პენალტია. ვთქვათ ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგაში ქართული გოლი 2005 წლის 23 ნოემბრის შემდეგ პირველად გავიდა.

ნაპოლი მიმდინარე სეზონში (ყველა ტურნირზე) დაუმარცხებელია, ჩემპიონთა ლიგაში კი სულაც უდანაკარგოდ გამოდის: სამ ტურში 9 ქულა და ბუნებრივია A ჯგუფში პირველი ადგილი, ხოლო მომდევნო ტურში 12 ოქტომბერს, ისევ აიაქსს "სტადიო მარადონაზე" შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები