- ოთარ კიტეიშვილის შტურმმა ლაციოსთან მატჩი არ წააგო
- გიორგი ჩაკვეტაძემ ბაზელთან ორი საგოლე გადაცემა გააკეთა
ევროპალიგასა და კონფერენსლიგაზე მესამე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ქართველი მოთამაშეების კლუბებმაც მიიღეს მონაწილეობა. ირაკლი აზაროვის ცრვენა ზვეზდამ გიორგი ხარაიშვილის ფერენცვაროშს 4:1 მოუგო, არცერთი ქართველი განაცხდაში არ ყოფილა.
ლუკა გუგეშაშვილის ყარაბაღმა ოლიმპიაკოსს სტუმრად 3:0 მოუგო. სამწუხაროდ, ქართველი მეკარე ისევ სათადარიგო სკამზე იყო. ყარაბაღი 6 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა და მხოლოდ გერმანულ ფრაიბურგს ჩამორჩება, რომელსაც 3-დან 3 მოგება აქვს.
ოთარ კიტეიშვილის შტურმმა ლაციოსთან ფრედ 0:0 ითამაშა. კიტეიშვილი მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. გრაცელებმა გოლიც გაუშვეს, თუმცა იმობილეს გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. F ჯგუფში ყველა გუნდს 4-4 ქულა აქვს, თუმცა შტურმი ბურთების უარესი სხვაობის გამო ბოლო ადგილზეა.

გიორგი წიტაიშვილისა და ნიკა კვეკვესკირის ლეხმა ჰაპოელ ბეერ შევასთან ფრედ 0:0 ითამაშა. ქართველები მინდორზე მე-60 წუთიდან გამოჩნდნენ. ლეხს 4 ქულა აქვს და C ჯგუფში მეორე ადგილზეა.
დღის საუკეთესო ამბავი სლოვანის გამარჯვება იყო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ბაზელს 2:0 სძლია, ორივე გოლი ჩაკვეტაძის გადაცემით გავიდა. გიორგიმ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, გიორგი ჩაკვეტაძე მე-60 წუთზე შეცვალეს. ჯაბა კანკავამ შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო. სლოვანი 4 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზეა და ერთ კვირაში ბაზელს უკვე სლოვაკეთში უმასპინძლებს.
კომენტარები