Thumbnail

რასი ერასმუსს სულ ერთხელ შევხვდი, მაშინ სამხრეთ-აფრიკული „სტორმერსის“ მთავარი მწვრთნელი იყო და დამხმარე მწვრთნელთან, რვაკუთხედიდან რაგბიში ახლად გადმოყვანილ, პატარა, სწრაფ და მსხვილკისერა ომარ მონამისთან ერთად გვიტარებდა რაქის სემინარს. მაგ ამბის მერე ათ წელზე მეტია გასული.

ომარმა დეტალები აგვიხსნა, რასიმ - მთავარი იდეა. მოცინარი და ხალისიანი კაცი ჩანდა, მის „სტორმერსს" კი უკვე გაეთქვა სახელი ზე-რაგბიში თავისი გაუვალი დაცვით.

ამბობენ დღემდე ეგეთია, ძალიან სასიამოვნო თუკი ლუდს სვამთ და ლაპარაკობთ და ძალიან სახიფათო, თუკი მის გუნდს ეთამაშებიო. ერასმუსი ხომ არაადამიანური შრომისმოყვარეობით და კომპიუტერივით ცივად და ზუსტად მთვლელი გონებით გამოირჩევა და ამასთან ერთად, როცა უსმენ, საოცარად გულახდილი ჩანს და მერეღა ხვდები - ეგ გულახდილობა თან მისი სახიათია და თან კიდევ დეტალებშია გათვლილი ისე, რომ პროფესიულ რაგბიში დაბერებულ სკალკ ბრიცსაც კი ათქმევინა: ეგეთ ყველაფრის დამთვლელ მწვრთნელს აქამდე არ შევხვედრივარო!

და თუკი ლეგენდარული ზელანდიელი მწვრთნელი უეინ სმიტი ამბობს, რაგბი რთული თამაშია, მწვრთნელის მიზანი კი ამ თამაშის გამარტივებაო - ყველაფრის დათვლა ერთია, იქიდან კი იმ მცირეს, აუცილებელს და მიღწევადის გამორჩევა (და რაც მთავარია გამარტივება) რაც თამაშს მოგაგებინებს - მეორე. პირველი კალკულატორსაც შეუძლია, მეორე - მხოლოდ მაგარ მწვრთნელს!

რომელია რასი ერასმუსი? ორივე და ამიტომ მისი და მისი სამწვრთნელო გუნდის, გზაც სხვანაირად საინტერესოა.

რასიმ ხომ ჯერ კიდევ როგორც მოთამაშემ დაიწყო საკუთარი თამაშების საათობით გაანალიზება, შემდეგ „ჩიტაზში“გახდა მწვრთნელი, იქიდან „სტორმერსში“ გადაბარგდა, სამხრეთ-აფრიკაში დაწყებული დაცვის გალავნის თლა ირლანდიის „მანსტერსში“ გააგრძელა, ისევ სამშობლოში დაბრუნდა, რაგბის კავშირში იმუშავა, წვრილად შეისწავლა ეს რთული ორგანიზაცია შიგნიდან - მექანიზმები, წესები, კანონები, შემოსული და გასული ფულის დინება და მიმართულებები და მხოლოდ ამის შემდეგღა და მხოლოდ საკუთარი ორმოცდაათპუნქტიანი მოთხოვნის შესრულების პირობით დათანხმდა 2019 წლის მსოფლიო თასამდე ლამის წელიწადნახევრით ადრე იმ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელობას, რომლისთვისაც ვებ ელისის თასის მოგების გარდა, ნებისმიერი სხვა შედეგი - ჩავარდნაა! და ვისაც ეროვნულ ნაკრებთან უმუშავია, იმან იცის, რა გილიოტინასავით სახიფათო რამეა მწვრთნელისთვის ლამის წელიწადნახევარი!

თუმცა რასი მარტო არ ყოფილა, „ჩიტაზში“ დაწყებული სამწვრთნელო კარიერიდან გვერდში განუყრელად ედგა ჯარის მეგობარი - ჟაკ ნიენაბარი.

ერასმუსის ირგვლივ შრომისმოყვარე ფანატიკოსების ტრიალი ახალი ამბავი არ არის, კაცი, რომელსაც შეუძლია ყურსასმენები გაიკეთოს და ლეპტოპზე წახრილმა ექვსი საათი აქუცმაცოს ერთი თამაში, სხვანაირს გვერდით არ გაიჩერებს, მაგრამ ნიენაბარი, როგორც ჩანს ამ „საგიჟეთშიც“ გამორჩეული ვინმეა. აბა მე ბევრი არ ვიცი - ჯერ ფიზიოთერაპევტად იმუშაოს რაგბის პროფესიულ კლუბში, შემდეგ ფიზმომზადების მწვრთნელად იქცეს, შემდეგ კი დაცვის სპეციალისტად! ჰო, როცა რასიმ ნიენაბარი გაიცნო, ჟაკი ფიზიოთერაპიას სწავლობდაო, ირლანდიურ „მანსტერში“ უკვე დაცვა ებარა, დღეს კი ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის მწვრთნელია მსოფლიოში.

მაგრამ ჩამოშლილი სამხრეთ-აფრიკის ნაკრებიდან მსოფლიო ჩემპიონის გამოქანდაკება, თანაც ასე მალე, ორი თუნდაც უნიჭიერესი მეგობრისთვისაც ზედმეტად მძიმე ტვირთი ჩანდა.

ერასმუსმა და ნიენაბარმა უელსელი ფიტნეს მწვრთნელი ალედ უოლტერსი აიყვანეს. ორივემ ზუსტად იცოდა, რისი თამაში უნდოდათ და რა სჭირდებოდათ და ამან ძალიან გამიმარტივა საქმეო! იტყვის უოლტერსი მერე. უოლტერსზე ამბობენ, მართლა მაგარი სპეციალისტიაო, მაგრამ ჩემი აზრით აქ მთავარი ის იყო, რაც რასის და ჟაკს „სჭირდებოდათ!“

სამხრეთ-აფრიკაში არის ასეთი კაცი - სუაის დე ბრუინი, კარგი მწვრთნელი და კარგი ადამიანი - 2006 წელს დურბანის „შარქსის“ აკადემიაში მე და ჩემს ძმასაც გვავარჯიშებდა - ყველაზე არასამხრეთ-აფრიკული სტილის სამხრეთ-აფრიკელი მწვრთნელი ვისაც შევხვედრივარ, ლაღი, სწრაფი, ლამაზი თამაშის მოყვარული და მცოდნე, ერთადერთი ვისგანაც პირადად მსმენია, ჩვენი რაგბის პრობლემა ზედმეტი შტანგააო!

ჰოდა, ერასმუსის და ნიენაბარის სამწვრთნელო გუნდში მოხვედრილი სუაისი იხსენებს: მეგონა გააფრინესო, ჯერ იყო და ყველა ციფრი და სტატისტიკა რო გადაღეჭეს, რასიმ თქვა, იმიტომ კი არ ვაგებთ ზელანდიასთან, რომ მათზე ბევრს ვერ დავრბივართ მოედანზე, არამედ იმიტომ რომ, რასაც დავრბივართ ეგეც ზედმეტიაო! მაგრამ ეგ კიდე არაფერი, ამბავი მაშინ გენახა, როცა საქმე მოთამაშეების შერჩევაზე მიდგაო! მე შეტევის მწვრთნელი ვიყავი, დავასახელებდი ვინმეს, ავხსნიდი: კარგი პასი აქვს, მოედანს და ხვრელს ხედავს, ძრომიალაა და ასე შემდეგ, ისინი კი თავს გააქნევდნენ და სხვას ირჩევდნენ - უკეთესი მბოჭავიაო!

სუაისი მსოფლიო თასის წინ წამოვიდა ნაკრებიდან, ოფიციალური ვერსით ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო, სინამდვილეში რა იყო არ ვიცი, გამოუშვეს თუ თვითონ არ დარჩა, მაგრამ ერასმუსზე დაწერილ წიგნში მისი ერთი ძალიან გულახდილი და კარგი ფრაზაა შემორჩენილი: „ხო გიჟები მეგონნენ, მაგრამ ახლა ვხვდები, ჩემი არჩეული ნაკრები მსოფლიო თასს ვერ მოიგებდაო!“

იმიტომ, რომ ერასმუსმა და ნიენაბარმა ვებ ელისის თასი მოიგეს. მოიგეს ისე, როგორც იგებს მსოფლიო თასს სამხრეთ-აფრიკა - დაცვით, ფეხით, მოლით, მოწინააღმდეგის გადათელვით. და ამაში თითქოსდა ახალი არაფერი იყო! სიახლე მომდევნო წლებმა აჩვენა - აჩვენა, რა მოიფიქრა, რა შექმნა ამ ორმა ფანატიკოსმა, რა „სჭირდებოდა“ სამხრეთ-აფრიკულ რაგბის - რა და თამაშის ჩაშლის, დაკეტვის, ტემპის დაგდების, ადვილად გასაანალიზებელი და რთულად დასამარცხებელი მანქანა! მანქანა, რომელიც მარტივი, მაგრამ უზადოდ შესრულებული ხერხებით გასუსტებს და გაიძულებს იქ ეომო, სადაც ყველაზე ძლიერია!

დღეს ხომ ნებისმიერმა მწვრთნელმა იცის - სამხრეთ-აფრიკა ბევრს არ გაგიშლის და თითქმის არ დაიწყებს ხელით თამაშს თავის ნახევარზე, მაგრამ ძალიან ბევრს დაკიდებს ბურთს ჰაერში, მუდამ იქ საიდანაც კონტრშეტევას ვერ წამოუღებ, მუდამ ისე რომ წაგართვას. აიღებ? შეგბოჭავს, გატკენს, რაქს დაგიკონტრავს, წნეხს დაგადებს და გაიძულებს ბურთი ფეხით დაუბრუნო. დაუბრუნებ? ისევ ისეთივე მაღალს დაგიკიდებს და ისევ ზუზუნით გამოფრინდებიან შუბებივით ბასრი მაპიმპი, ქოლბი თუ არენსე, გაგივარდება და აუტში გადავა? აუჩქარებლად, სიარულით მოვლენ, გზაში დაისვენებენ და აუცილებლად თავის დახავსული ლოდივით მძიმე, მწვანე მოლს აგიგორებენ, თუ გაუჩერე - დაჩეჩქვაზე გადმოვლენ, ყოველთვის გრძელ მხარეს წავლენ, არასოდეს მობრუნდებიან უეცრად მოკლეზე და შენც მათი, მსოფლიოში უღონიერესი შერკინების ერთმანეთზე მოყრილი დარტყმები უნდა გააჩერო!

დაცვაში თითქოსდა გიჟებივით და თითქოსდა ქაოსურად ამოვარდებიან და თითქოსდა უზარმაზარ სივრცეებს დატოვებენ გარეთ, რომლებსაც მუდამ გადააზღვევენ ვეება, სწრაფი და დაუღალავი შიდა მცველები, მთავარია გარე მცველები ამოვარდნენ, რომ ხისტი ბოჭვა მოგხვდეს, გეტკინოს, დაფრთხე, უკან დაეცე და ლუკანუომ, კოლისიმ, კვახა სმიტმა ან მარკსმა ბურთი აგღლიტონ, მთავარია შენზე მთელი სისწრფით წამოსულმა დიდმა და თვალებჩასისხლიანებულმა მცველმა დაგაფრთხოს, დაგძაბოს, რომ პასი გაგიფუჭდეს, დაგივარდეს, შერკინება დაინიშნოს, მოგაწვნენ, დაგაჯარიმონ, აუტში დაარტყან და ისევ აუჩქარებლად გამოაბიჯონ მოლის ასაგორებლად და ასე ოთხმოცი წუთი, მაშინაც როცა თოთხმეტნი რჩებიან და მაშინაც, როდესაც ცამეტნი არიან! ჩაშლის მანქანა არაფერს ცვლის, მუდამ წინ მოდის, ერთი მიზნით - წნეხმა შეცდომა დაგაშვებინოს, რადგან შეცდომას იქვე მოჰყვება ძალიან სახიფათო კონტრშეტევა, ლამის ერთადერთი ადგილი სადაც აფრიკა სწრაფად, კიდიდან-კიდემდე გაშლის თამაშს და ეს საუცხოოდ გამოსდის!

მოკლედ, ჩაშლის მანქანა საქვეყნოდ „გაშიფრულია“, სამწვრთნელო ოთახის კედელზე გაკრული დაფები, კომპიუტერების ეკრანებიდან პროექტორებში აციმციმებული ვირტუალური რუკები და სარაგბო გონებები სავსეა ზუსტი და ჭკვიანური თეორიებით თუ როგორ უნდა დაამარცხო ეს მონსტრი, ჟაკ ნიენაბარის სამხრეთ-აფრიკა კი მაინც ყველაზე რთულად მოსაგები გუნდია დღეს.

ნიენებარის აფრიკას იმიტომ ვამბობ, რომ ერასმუსი მთავარი მწვრთნელობიდან წავიდა, ჯერ დამხმარე მწვრთნელი იყო და მოედნის კიდიდან, წყლის შემტანის ფორმაში გადაცმულმა გააღიზიანა აფრიკელებთან სათამაშოდ ჩასული ბრიტანელი ლომების სამწვრთნელო შტაბი, მერე ისევ მსაჯებზე მიიტანა ჭკვიანური და შეფარული იერიში, რასაც გრძელი და უცნაური ვიდეო მოაყოლა, სადაც ბევრ რამეს ხსნიდა ჩვეული ღიმილით, შემდეგ კი უეცრად გაქრა ნაკრების სამწვრთნელო გუნდიდან.

მაგრამ როცა აფრიკა ორჯერ ზედიზედ დამარცხდა ავსტრალიასთან და მათმა ათმა ნომერმა ჰენრი პოლარდმა თქვა: ცუდი კი არა ზედმეტი თამაშის გამო წავაგეთ! დაგვავიწყდა რომ აქ მოსაგებად და არა სანახაობის მოსაწყობად ვართო! მე ისევ სუაისის მონაყოლი და რასი გამახსენდა, მწვრთნელობიდან წასული ალბათ სადღაც კულისებში რომ წახრილა თავის ლეპტოპზე და იქიდან უმაგრებს ზურგს მთავარ მწვრთნელად ქცეულ მეგობარს, ისევე როგორც ის უმაგრებდა წლობით.

და ჩაშლის მანქანაც მუშაობს, ერთი უბრალო მიზეზის გამო - მარტივია, მარტივად ურტყამს რთულად შესასრულებელ უნარებს - პასს და გადაწყვეტილების მიღებას წნეხში, დაკიდებულის დაჭერას წნეხში, მოლის დაცვას, შერკინებაში მიწოლას!

ოღონდ სიმარტივის მიღმა ყოველთვის უზარმაზარი შრომა იმალება, როგორც გურამ დოჩანაშვილი ამბობს, ხანდახან ყველაზე მარტივად წასაკითხი რამეები, ყველაზე რთული დასაწერია! და სწორედ ამიტომ დაკვირვებული თვალისთვის აფრიკის ამ სტილით უკანაც უამრავი რამე ილანდება - საკუთარი გენეტიკის ანუ სამხრეთ-აფრიკის მოსახლეობის ფიზიკური პოტენციალის და სამხრეთ-აფრიკული რაგბის უზადო ცოდნა, თანამედროვე რაგბის ყველაზე რთული უნარების ამოცნობა და მიზანში ამოღება - თან ისე რომ ზელანდიასაც კი გაუჭირდეს, არაადამიანური გამძლეობა, თავისი უხეში და ვიღაცეებისთვის

მოსაწყენი თამაშის რწმენა, სიყვარული და ამ თამაშში სულ უფრო და უფრო დაოსტატება იქამდე, რომ „მოსაწყენი“ აღტაცებად, მისაბაძად, საოცნებოდ მისაღწევად იქცეს და ჩაშლის მანქანის ის ორი არქიტექტორი უკვე მრავალი წელია გვერდი-გვერდ რომ მიაბიჯებენ - ეკრანებიდან გამქრალი რასი თავისი სხარტი გონებით, გათვლილი გულახდილობით, მკვლელის ღიმილით და თავზეხელაღებულობით - ნებისმიერი ხერხით მეტი წნეხი დაადოს მსაჯს და მოწინააღმდეგეს და კამერების წინ ყოველთვის მშვიდი, მოზომილი და მხოლოდ საქმეზე მოლაპარაკე ჟაკი.

ლადო კილასონია
რაგბის მწვრთნელი, მწერალი. უყვარს რაგბი, კითხვა, მთაში სიარული და ხინკალი. არ უყვარს თურქული და ვენესუელური სერიალები, თუმცა ქართულ საინფორმაციო გადაცემებს მაინც ურჩევნია. აქვს facebook-გვერდი “ლადო კილასონიას სპორტული და ლიტერატურული ზღაპრები”. არ აქვს დეპუტატობის სურვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები