Thumbnail

'ვერც წარმოვიდგენდი' - ფორმულა 1 ზედიზედ მეორედ ფერსტაპენმა მოიგო

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • მაქს ფერსტაპენი ფორმულა 1-ის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა
  • ნიდერლანდელმა იაპონიის გრანპრი მოიგო და ტიტული გაინაღდა

ფორმულა 1-ის ნიდერლანდელმა მრბოლელმა მაქს ფერსტაპენმა იაპონიის გრანპრი მოიგო და სეზონის დასრულებამდე 4 რბოლით ადრე ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. 

რბოლის პირველივე წრეზე ძლიერი წვიმის გამო ერთმანეთს კარლოს საინსი და ალექს ალბონი შეეჯახნენ, რის გამოც ასპარეზობა 2 საათით შეჩერდა. აღსანიშნავია, რომ სუძუკიში გამართულ რბოლაში პილოტებმა დისტანციის 75% ვერ დაფარეს, თუმცა, ფორმულა 1-მა მრბოლელებს სრული ქულები ჩაუწერა, რაც იმით გახლდათ მოტივირებული, რომ ქულების ნაწილს პილოტები მაშინ იღებენ, თუ რბოლა შეწყდა და არ განახლდა, იაპონიაში კი შეჯიბრი გაგრძელდა. 

"ეს დაუჯერებელია. ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები მაქვს. მიმაჩნია, რომ ბრწყინვალე წელი გვქონდა, ასეთს ვერც წარმოვიდგენდი. გასული სეზონის დაძაბული დასასრულის შემდეგ, წელს ძალიან მაგარი მანქანა გვყავდა და გამარჯვებაც მოვიპოვეთ. ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც ჩვენს ტრიუმფში წვლილი შეიტანა," - განაცხადა ჩემპიონმა. 

2021 წელს ფორმულა 1-ის სკანდალური მოგების შემდეგ მაქსმა მიმდინარე სეზონში ახლოს არავინ გაიკარა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. ფერსტაპენი ისტორიაში მე-17 პილოტი გახდა, რომელმაც ფორმულა 1-ის ტიტული მინიმუმ 2-ჯერ მოიგო, ხოლო ზედიზედ ორი წლის მანძილზე ჩემპიონობის მოპოვებით მე-11 პილოტი გახლავთ. მაქსი ტიტულების რაოდენობით ფერნანდო ალონსოს, მიკი ჰაკინენს, ემერსონ ფიტიპალდის, გრემ ჰილს, ჯიმ კლარსონსა და ალბერტო ასკარის გაუთანაბრდა. 

მაქს ფერსტაპენმა მიმდინარე სეზონში მე-12 რბოლა მოიგო. რეკორდი კი მიხაილ შუმახერსა და სებასტიან ფეტელს ეკუთვნით - ორივე გერმანელმა ერთ სეზონში 13 რბოლაში გაიმარჯვა. მაქსს კი დარჩენილ 4 რბოლაში 1 მოგება სჭირდება, რათა რეკორდი გაიმეორეს, ორი გამარჯვების შემთხვევაში კი ახალ რეკორდს დაამყარებს. ისიც ხაზგასასმელია, ნიდერლანდელისთვის იაპონიაში მოპოვებული პირველი ადგილი კარიერაში 32-ე გახლდათ და ამ მაჩვენებლით ფერნანდო ალონსოს გაუთანაბრდა, წინ აირტონ სენა (41), ალენ პროსტი (51), სებასტიან ფეტელი (53), მიხაილ შუმახერი (91) და ლუის ჰემილტონი (103) არიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები