- U18 | საქართველო 34:10 პორტუგალია
- უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტიტულის შენარჩუნება მოახერხეს
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მოგება ზედიზედ მეოთხედ მოახერხა. ტურნირს ამჯერად სწორედ საქართველომ უმასპინძლა და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ფინალში პორტუგალია 34:10 დაამარცხეს.
თამაში რუსთავის ხარები არენამ უმასპინძლა და ზურა ამონაშვილის შეგირდების უპირატესობა აშკარა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასაწყისში ქართველებმა ტურნირზე პირველი ლელო მიიღეს და მდევრის როლში აღმოჩნდნენ, გამარჯვებულის ვინაობა ეჭვქვეშ ერთხელაც არ დამდგარა. მათ პორტუგალიელები 5-ჯერ დაალელოვეს და საერთო ჯამში, ყველა კომპონენტში აჯობეს.

📷 | საქართველოს რაგბის კავშირი
შეგახსენებთ, რომ ქართველ მორაგბეებს პრობლემები არც წინა მატჩებში შექმნიათ. მათ მეოთხედფინალში ჩეხეთს 76:0 სძლიეს, ნახევარფინალში კი ბელგია გაანადგურეს – 86:0.
საინტერესოა, რომ 2015 წლიდან დღემდე, საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის პირველობის ფინალში ზედიზედ მეშვიდედ ითამაშა (2020 წელს ტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო ვერ ჩატარდა), ბოლო ოთხ ჯერზე კი ოქროს მედლების მოპოვებაც შესძლო.
კომენტარები