Thumbnail

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს, სადაც ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

წილისყრის შედეგები შეაფასა ნორვეგიელთა მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა, რომელიც ჯგუფით კმაყოფილია. როგორც მან აღნიშნა, მთავარია, რომ მისი გუნდი B (ნიდერლანდები-საფრანგეთი) და C ჯგუფში (იტალია-ინგლისი) არ მოხვდა.

"ძალიან თანაბარი ჯგუფია. ვფიქრობ, ყველა გუნდს შეუძლია ერთმანეთისთვის ქულების წართმევა, მათ შორის კვიპროსის ნაკრებსაც, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე და უნდა ვეცადოთ, რომ ეს სწორედ ჩვენთან არ გააკეთოს. საქართველოს ბოლოს ძალიან კარგი თამაშები ჰქონდა და შოტლანდიას კარგად ვიცნობთ. ესპანეთი, რა თქმა უნდა, ფავორიტია, მაგრამ ვფიქრობ, ყველა გუნდს შეუძლია ქულების მოპოვება და ეს შეიძლება იყოს, როგორც უპირატესობა, ასევე მინუსი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ თავიდან ავიცილეთ B და C ჯგუფი, ამიტომ კმაყოფილი ვარ", - თქვა სოლბაკენმა.

საქართველოს ნაკრები ნორვეგიას აქამდე სამჯერ შეხვედრია და სამივე მატჩი მეტოქემ მოიგო - 1996 წელს ამხანაგური თამაში (1:0), 1999 წელს კი ევრო 2000-ის შესარჩევ ციკლში თბილისში 4:1 და ოსლოში - 1:0.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 2023 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება, ზუსტი კალენდარი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები

ბოლო ამბები