Thumbnail

გასულ უიკენდზე იმდენი რამ მოხდა, რაღაც-რაღაცები ნამდვილად გამოგრჩებოდათ. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება ტატო გრიგალაშვილის მსოფლიოს ჩემპიონობას, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეების გარკვევას და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს. ვინ რა თქვა ამ მოვლენების შემდეგ და კიდევ რა იყო საინტერესო? ეს ყველაფერი ტრადიციულ ორშაბათის საკითხავში.

ძიუდო | ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) მსოფლიოს 2022 ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში მან ბელგიელი მატიას კასე დაამარცხა და ამით რევანში აიღო მსოფლიოს შარშანდელი პირველობის ფინალში წაგებისთვის. გადამწყვეტი შერკინება ძალიან დაძაბული გამოდგა. ტატომ 2 შიდო მიიღო და ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა, თუმცა, "გოლდენ სქორში" მობილიზება მოახერხა და 8 წუთის თავზე ბელგიელი ძიუდოისტი ულამაზეს ვაზარიზე დასცა.

📋 | გრიგალაშვილის წარმატებაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ

ნაკრები | სანიოლის და ქეცბაიას კომენტარები ჩვენს ჯგუფზე

კვირას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ეროვნული გუნდი A ჯგუფში ითამაშებს, სადაც ასევე მოხვდნენ ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის ნაკრები გუნდები. ჯგუფს ჩვენთვის დამატებით ინტრიგას სწორედ კვიპროსი სძენს, რომლის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა.

📋 | რა თქვეს სანიოლმა, ქეცბაიამ და სხვებმა წილისყრის შემდეგ, წაიკითხეთ აქ

კვარა | 'საზღვრები არ მაქვს' - ინტერვიუ ხვიჩასთან

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში კიდევ ერთი ძალიან კარგი თამაში ჩაატარა. ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზესთან მატჩში მან ჯერ პენალტი მოიპოვა, რომლითაც ანგარიში გაიხსნა, მერე კი საგოლე პასიც გააკეთა. თამაშის შემდეგ ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ საქართველოს ნაკრების ლიდერი პირველ რიგში სწორედ ამის გამო შეაქო. მანამდე კი "კორიერე დელო სპორტმა" კვარაცხელიას ვრცელი, საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა.

📋 | ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ წაიკითხეთ აქ.

რაგბი | უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატი ისევ მოიგეს

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მოგება ზედიზედ მეოთხედ მოახერხა. ტურნირს ამჯერად სწორედ საქართველომ უმასპინძლა და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ფინალში პორტუგალია 34:10 დაამარცხეს.

📋 | ფინალის მიმოხილვა ნახეთ აქ.

ჩოგბურთი | მარიამ ბოლქვაძემ ტრნავის ტურნირი მოიგო

მარიამ ბოლქვაძემ (312) ტრნავაში (სლოვაკეთი) ITF-ის 60-ათასიანი ტურნირი მოიგო წყვილთა თანრიგში. 24 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა შეჯიბრება ბრიტანელ მაია ლამსდენთან ერთად მოიგო. ეს დუეტი ტრნავაში მე-4 ნომრად იყო განთესილი, ფინალში ბოლქვაძეს და ლამსდენს მე-3 ნომრად განთესილი კონი პერენი (შვეციარია) და დიანა მარცინკევიჩა (ლატვია) დაუპირისპირდნენ. ქართულ-ბრიტანულმა დუეტმა იოლად, ორ სეტში, ზუსტად საათში გაიმარჯვა - 6:2, 6:3.

📋 | ბოლქვაძის წარმატებაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები