Thumbnail
  • გიორგი კვერნაძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრია
  • კვერნაძემ 2022 წლის ეროვნულ ლიგაში თინეიჯერებს შორის ყველაზე მეტი გოლი გაიტანა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში სექტემბრის ბოლოს პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებ გუნდებთან ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ამ თამაშებში ნაკრებს ორი დებიუტანტი ჰყავდა: 20 წლის საბა საზონოვი და 19 წლის გიორგი კვერნაძე. ეს უკანასკნელი საქართველოს ეროვნულ ლიგაში თამაშობს, საბურთალოს ეკუთვნის, თუმცა იჯარით თელავშია და ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელია. ჩვენ მას რამდენიმე კითხვა დავუსვით. 

europop: რა იყო პირველი ფიქრები, როცა ახალგაზრდულ ნაკრებში გამოგიძახეს?

გიორგი კვერნაძე: ამის შესახებ მაშინ გავიგე, როცა ნაკრების საიტზე გამოძახებულ ფეხბურთელთა სია დაიდო. ვარჯიშიდან სახლში მივდიოდი. ნანახი არ მქონდა, ლუკა ხარატიშვილმა დამირეკა და მომილოცა. თავიდან ვერ მივხვდი, რას მილოცავდა. მერე ძალიან გამიხარდა, ჩემს ძმასა და დედაჩემს დავურეკე. ასაკობრივ ნაკრებებში ხომ ვთამაშობდი, მაგრამ ახალგაზრდულში გამოძახება სხვა ემოციებთანაა დაკავშირებული. მომავალი წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატია, რომელზე თამაშიც ძალიან მინდა. თან, 21-წლამდე გუნდში კარგი თამაშის შემდეგ ეროვნულ გუნდთან ერთ ნაბიჯში ხარ. 1 წლის წინ საბურთალოს დუბლებში ვთამაშობდი და ვერც ვიფიქრებდი, რომ 21-წლამდე გუნდში გამომიძახებდნენ. ისეთი განცდა მქონდა, რომ შრომა დამიფასდა, მაგრამ ეს საკმარისი სულაც არაა და პირიქით, უფრო დიდი მოტივაცია მომცა.

europop: როგორი იყო პირველი საუბარი მთავარ მწვრთნელთან?

კვერნაძე: რამაზ სვანაძე პირველად სადილზე ვნახე. უშუალოდ პირველი საუბარი კი ვარჯიშის შემდეგ შედგა. დამიძახა და მითხრა, რომ ჩემს შესაძლებლობებს კარგად იცნობდა, არ მენერვიულა და ის ფეხბურთი მეთამაშა, რასაც კლუბში ვთამაშობ. მწვრთნელისგან ნდობა ვიგრძენი, ორივე მატჩში საკმაო დრო გავატარე მინდორზე. დებიუტანტი ვიყავი და არ მეგონა, ამდენ წუთს თუ მომცემდნენ. 

europop: რამდენად დიდი სხვაობაა U19 და 21 ნაკრებში თამაშს შორის?

კვერნაძე: მთავარი განსხვავება ისაა, რომ 21-წლამდელთა ნაკრებში ასაკობრივზე გაცილებით მეტად ჩამოყალიბებული ფეხბურთელები არიან, ჩემზე მეტად გამოცდილები და დავინახე, რომ მათგან ბევრი რამის სწავლა შემიძლია. თან, ახალგაზრდულში მეტი თვალი გიყურებს, მეტი მოგეთხოვება. შეკრებიდან რომ ჩამოვედით, მას შემდეგ გაცილებით დიდი ენერგიით ვვარჯიშობ, ვიდრე მანამდე. მინდა, მომავალ თამაშებშიც გამომიძახონ, საქართველოში, ადგილობრივი პუბლიკის წინაშე ვითამაშო. პლუს, უშუალოდ საფეხბურთო კუთხითაც არის სხვაობა. ისეთ მოწინააღმდეგეებს ეთამაშები, რომლებიც უმაღლეს დონეზე გამოდიან.

europop: პორტუგალიელთა თამაშში გამოარჩევდი რომელიმე კომპონენტს, რომელმაც ძალიან გაგაკვირვა?

კვერნაძე: პორტუგალიის ასაკობრივ ნაკრებთან ადრეც მქონდა ნათამაშები. მაშინაც მოგვიგეს, თუმცა ისეთი უპირატესობა არ ჰქონიათ, რაც ახლა ვნახეთ. მაშინ ჩვენსა და მათ შორის ისეთი სხვაობა არ ყოფილა, როგორც ამჯერად იყო. აშკარაა, განვითარების ტემპში ჩამოვრჩებით. ეგეც მოტივაციის წყაროა ჩემთვის, რადგან თუ ჩემი ასაკის პორტუგალიელმა ბიჭმა 2 წელში ასე განვითარება შეძლო, რატომ არ უნდა მოვახერხო იგივე მე?! მესმის, რომ მათი რეალობა და პირობები განსხვავებულია, მაგრამ მიმაჩნია, რომ თავდაუზოგავი შრომით მათ დონემდე მისვლა შესაძლებელია. თუ იფიქრე, რომ ისინი უკეთეს გუნდებში თამაშობენ, ყველაფერი უკეთესი აქვთ და შეეგუე, რომ დონეებს შორის სხვაობა ნორმალურია, ვერც განვითარდები და ვერც ვერაფერს მიაღწევ.

პორტუგალიელებს ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდათ და ყველაფერში გვაჯობეს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ წინ ვინც მედგა, განაპირა თუ ცენტრალური მცველი, ან ნახევარმცველი, მისი მოტყუება და გასწრება შემეძლო. თუმცა ისიც დავინახე, რომ გამოცდილებით მჯობდნენ. განსაკუთრებით ჩემი ამპლუის ფეხბურთელებმა გამაკვირვეს - გარემარბები დრიბლინგზე წასასვლელად თუ პასის გასაკეთებლად შესაბამის დროს პოულობდნენ. როცა მეტოქის მოტყუება უნდა ეცადათ, მაშინ მიდიოდნენ ერთი-ერთზე, როცა პასი უნდა გაეკეთებინათ, პასს აკეთებდნენ, ახლოს არ გვიკარებდნენ. საერთო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ არასდროს მითამაშია. ყველაფრის მიუხედავად, 21-წლამდელთა ნაკრებში ჩატარებული პირველი 2 მატჩით კმაყოფილი ვერ დავრჩი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ორივე თამაში წავაგეთ. თან ჩემი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ, ჯერ ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ მშვიდად და მოშვებულად ვიგრძნო თავი.

europoop: თურქეთთან მატჩს როგორ შეაფასებ?

კვერნაძე: თურქეთთან გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. საკუთარ თავზეც შემიძლია ვთქვა, რომ ამ მოკლე პერიოდში ოდნავი პროგრესი მაინც მქონდა, როგორც ფეხბურთელს, მიუხედავად იმისა, რომ ბურთი რამდენიმე არასაჭირო სიტუაციაში დავკარგე. მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ კიდევ გამომიძახებენ, უფრო მაგრად ვითამაშებ. თურქეთთან მატჩის მოგება კი თავისუფლად შეგვეძლო, შანსები გვქონდა, ვუტევდით, აშკარად ვჯობდით.

europop: შენს გარდა, ახალგაზრდულ ნაკრებში დებიუტანტი საბა საზანოვი იყო. რა შთაბეჭდილებები დაგრჩა მასზე?

კვერნაძე: საბა ძალიან კარგი ბიჭია, სხვანაირადაა აღზრდილი და ქედმაღლობა საერთოდ არ აქვს. მთელ ნაკრებთან საერთო ენა მალე გამონახა, კონტაქტში ყველასთან უპრობლემოდ შემოვიდა. ქართული ძალიან კარგად იცის და ჩვეულებრივად საუბრობს. როგორც ფეხბურთელი, ძალიან ძლიერია. ორთაბრძოლებში და ტაქტიკურად მაგრად მოქმედებს, უკვე მაღალი დონის მცველია. გამოცდილებაც ეტყობა და ვფიქრობ, რომ უმაღლეს დონეზე თამაშსაც შეძლებს და საქართველოს ნაკრებსაც დიდ სარგებელს მოუტანს.

europop: საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურია დარჩენილი. სეზონის ბოლოს, რა არის პირადად შენი და თელავის მიზანი?

კვერნაძე: ჩვენი მიზანი ჩემპიონატში ისე დარჩენაა, რომ პლეი აუტის თამაში არ მოგვიწიოს. ეროვნული ლიგა კარგად დავიწყეთ, თუმცა მერე ცოტა გაგვიჭირდა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ მეშვიდე ადგილის დაკავება შეგვიძლია. რაც თელავი უმაღლეს ლიგაშია, გუნდი სულ იბრძვის, სულ ბოლომდე თამაშობს, გულშემატკივრებიც გვერდში გვიდგანან და იმსახურებენ, რომ ამ მიზნის მიღწევა მოვახერხოთ. ეს განსაკუთრებით მინდა, რადგან თელავმა ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა, არ ვიცი რა იქნებოდა, საბურთალოს დუბლებში რომ დავრჩენილიყავი.

europop: დღეს მთელი ქვეყანა ხვიჩა კვარაცხელიაზე ლაპარაკობს. პოზიციისა და თამაშის სტილიდან გამომდინარე მას უკვე გადარებენ. რას ფიქრობ, როცა მსგავსი შინაარსის კომენტარებს კითხულობ?

კვერნაძე: ხვიჩას ისტორია ჩემთვის მოტივაციაა. საიდან დაიწყო და ახლა სად არის. შესაძლოა, კვარაცხელიასაც არ ეგონა, რომ მის გარშემო ასეთი რეალობა დადგებოდა, შეიძლება ამ ყველაფერზე ოცნებების დროს ფიქრობდა. კვარა ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებო დონეზე დიდი შრომითა და მოთმინების შედეგად ავიდა. პროფესიონალიზმის გარეშე ვერაფერს მიაღწევდა. ხვიჩას განვლილი გზა პირადად მე და ბევრ სხვასაც აჩვენებს იმას, რა უნდა გააკეთო წარმატების მისაღწევად. ალბათ, ყველა ასეთ მწვერვალებს ვერ დაიპყრობს, მაგრამ ის, ვინც იშრომებს, ის, ვინც მოითმენს, ვინც საკუთარ ნიჭს სწორად გამოიყენებს, შეუძლია გახდეს ქვეყნისთვის ისეთი საამაყო ადამიანი, როგორიც კვარაა. ფეხბურთი ფულზე გაცილებით მეტს ნიშნავს, შეიძლება მილიონერი გახდე და არც არავის უყვარდე. მეც მინდა საქართველოს ნაკრებში თამაში, მინდა გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო, სასარგებლო საქმის გაკეთება არა მხოლოდ საკუთარი თავისა და ოჯახისთვის, არამედ სამშობლოსთვის  შევძლო და რაც მთავარია, უბრალო ადამიანად დავრჩე. მიმაჩნია, რომ ხვიჩა არა მხოლოდ ფეხბურთელებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვისაა მაგალითი.

კომენტარები

ბოლო ამბები