Thumbnail
  • კლუბებმა 2019 წლის დრაფტზე არჩეულების ბედი 17 ოქტომბრამდე უნდა გადაწყვიტონ
  • გოგა ბითაძის ახლანდელი კონტრაქტი გარანტირებულია. რა იქნება მომავალ სეზონში
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

NBA-ში კლუბებს 17 ოქტომბრამდე აქვთ ვადა გაუხანგრძლივონ კონტრაქტი 2019 წლის დრაფტის პირველ წრეში არჩეულ კალათბურთელებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივლისში ისინი შეზღუდული თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებენ და სხვა გუნდებში გადასვლას შეძლებენ. 

2019 წელს დრაფტის პირველ წრეში 30 კალათბურთელი აირჩიეს და მათ შორის იყო გოგა ბითაძე. ინდიანა პეისერსმა ქართველი ცენტრი მე-18 ნომრად აირჩია. გოგამ სამი სეზონი გაატარა ინდიანაში და ახლა მეოთხეს იწყებს. თუკი ინდიანას სურს, რომ გოგა კვლავ ინდიანაში დარჩეს, მას კონტრაქტი 17 ოქტომბრამდე უნდა გაახანგრძლივოს. მაგრამ, როგორც ჩანს, პეისერსის ხელმძღვანელობა ამას არ აპირებს. Bleacher Report წერს, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ეს არ მოხდება და გოგა ივლისში შეზღუდული თავისუფალი აგენტი გახდება. ადრე ვწერდით, რომ ამერიკული მედიის ინფორმაციით, არც ის არის გამორიცხული, რომ გოგამ ეს სეზონიც ვერ ჩაამთავროს ინდიანაში და ის გაცვალონ. 

რაც უნდა მოხდეს, ბითაძეს 2022/23 წლების სეზონის კონტრაქტი გარანტირებული აქვს, რომლის განმავლოვაში ის კარიერაში საუკეთესო ხელფასს მიიღებს - $4 765 339-ს (თუ სხვა გუნდში გაცვლიან, ის გუნდი იქნება ვალდებული). ახლანდელი ხელფასით ის NBA-ს ცენტრებში 30-ე ადგილზეა, ხოლო ინდიანას კალათბურთელებში - მეექვსეზე. 

რაც შეეხება მეხუთე სეზონს (2023/24), ინდიანამ გოგას სულ მცირე, $6 762 016 უნდა შესთავაზოს, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. ამიტომაც, კლუბს არ უღირს მოთამაშეში, რომელიც როტაციაშიც კი ვერ ხვდება ხეირიანად, ამდენი დახარჯოს. 

დიდი ალბათობით, ივლისში გოგა თავისუფალი აგენტი გახდება - რას ნიშნავს შეზღუდული თავისუფალი აგენტი? კალათბურთელს შეუძლია ნებისმიერ სხვა კლუბთან გააფორმოს კონტრაქტი, მაგრამ მის კლუბს (ინდიანას) ტრანსფერის დაბლოკვა შეუძლია, ანალოგიური კონტრაქტის შეთავაზებით. 

სუპერვარსკვლავებს თავი ქუდში აქვთ

2019 წლის დრაფტის სუპერვერსკვლავებმა უკვე მიიღეს მაქსიმალური კონტრაქტები ($194.6 მილიონიდან $233.2 მილიონამდე) - ზაიონ უილიამსონმა (დრაფტის პირველი ნომერი), ჯა მორანტმა (მეორე ნომერი) და დარიუს გერლანდმა (5). სოლიდური კონტრაქტები დაიბევეს: არ ჯეი ბარეტმა (3), ტაილერ ჰერომ (13) და კელდონ ჯონსონმა (29). 

17 ოქტომბრამდე ჩემპიონმა გოლდენ სტეიტმა უნდა გადაწყვიტოს ჯორდან პულის (28) კონტრაქტის ბედი. დე'ანდრე ჰანტერის (4) ბედი მის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული, რადგან ოთხი წლის განმავლობაში მან 80 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს. ასე რომ, ატლანტას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. 

"გოგა ბითაძემ გაცილებით ნაკლები როლი ითამაშა ინდიანაში, ვიდრე ჯეილენ სმითმა, რომელმაც ახალი სამწლიანი კონტრაქტი მიიღო ($15.1 მილიონი)", - წერს ამერიკული გამოცემა და ვარაუდობს, რომ ბითაძის შემთხვევაში, შეთავაზება ალბათ არ მოხდება. 

შეგახსენებთ, რომ 23 წლის გოგა ბითაძე NBA-ს 2019 წლის დრაფტის მე-18 ნომრად აირჩიეს. 2019 წლის 15 ივლისს მან მრავალწლიანი (ახალბედის) კონტრაქტი გააფორმა კლუბთან. 2020 წლის დეკემბერში ინდიანამ ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა, 2021 წლის ოქტომბერში კი - კიდევ ერთი წლით. გოგას, ხელშეკრულების გათვალისწინებით, ინდიანაში ბოლო სეზონი რჩება, რომლის განმავლობაში კარიერის განმავლობაში ყველაზე მაღალ ხელფასს მიიღებს. 

NBA-ს გასულ (გოგასთვის მე-3) სეზონში ბითაძემ 50 მატჩში (16 სასტარტოში) ითამაშა. ის საშუალოდ 7.0 ქულას, 3.5 მოხსნას, 1.1 პასსა და 0.8 დაფარებას აკეთებდა. ქართველი ცენტრისთვის საუკეთესო სეზონის მეორე ნახევარი იყო - მარტსა და აპრილში მან ზედიზედ 10 მატჩში 10 და მეტი ქულა ჩააგდო. ეს ის პერიოდია, როდესაც ინდიანამ ტრეიდით გაუშვა ლიეტუველი დომანტას საბონისი, ხოლო მაილს ტერნერი ტრავმირებული იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები