Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერვედფინალში დამარცხდა
  • წარმატებით ირჯება ილია სულამანიძე, რომელმაც 2 ორთაბრძოლა იპონით მოიგო
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა.

ეს მას მერე გაირკვა, რაც ლიპარტელიანმა მერვედფინალში უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევთან წააგო. ვარლამმა ორთაბრძოლისას ფეხი იტკინა, შემდეგ კი, 2-ჯერ დაეცა ვაზარიზე და მისთვის ტურნირი მალევე დასრულდა.

ცნობისთვის, ლიპარტელიანი საწყის რაუნდში ისვენებდა, მეორეში კი იპონით ესტონელი გრიგორი მინასკინი დაამარცხა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ტაშკენტში მისთვის ბოლო წარმატება აღმოჩნდა.

საინტერესოა, რომ 33 წლის ვარლამ ლიპარტელიანს მსოფლიოს ჩემპიონატებზე ერთბაშად 6 მედალი (3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) აქვს აღებული, თუმცა, მათ შორის ოქრო არ ფიგურირებს და მან ნავსის გატეხვა ვერც წლევანდელ შეჯიბრზე მოახერხა.

ილია სულამანიძემ საწყისი ორთაბრძოლები დამაჯერებლად მოიგო

სამაგიეროდ, ჯერჯერობით, წარმატებულად ირჯება ილია სულამანიძე, რომელმაც გერმანელ დანიელ ჰერბსტსა და თურქ მერტ სისმანლარს იპონებით აჯობა, მეოთხედფინალში კი კანადელ კაილ რეიესთან შერკინება ელის.

ამ დროისთვის, მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალია. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) მოახერხა, ბრინჯაოს მედლებს კი ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.) დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები