Thumbnail

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ილია სულამანიძე (100 კგ.) უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

სულამანიძემ ეს უფლება მას შემდეგ მიიღო, რაც რეპეშაჟში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჟორჟე ფონსეკა შებოჭვით დაამარცხა. გამოცდილი პორტუგალიელი ვაზარით იგებდა, როდესაც თავისივე ილეთზე მოჰყვა და ქართველმა ძიუდოისტმა შანსი კარგად გამოიყენა.


შეგახსენებთ, რომ სულამანიძე მსოფლიოს ჩემპიონატში მე-2 წრიდან ჩაერთო, სადაც გერმანელ დანიელ ჰერბსტს იპონით აჯობა, შემდეგ კი, ასევე ვადაზე ადრე მოუთავა საქმე თურქ მერტ სისმანლარს.

მეოთხედფინალში ილია კანადელ კაილ რეიესს ვაზარით ამარცხებდა, როდესაც გდებაზე თავად მოჰყვა და მეტოქემ შებოჭვაზეც დაიჭირა.

ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 16:00 საათზე აიღებს და სულამანიძის მეტოქე ნიდერლანდელი მიხაელ კორელი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევთან დამარცხდა. ეს უკანასკნელი ფინალში ხსენებულ რეიესს გაეჯიბრება.

ამ დროისთვის, ტაშკენტში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალია. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) მოახერხა, ბრინჯაოს მედლებს კი ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.) დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები