- ტაისონ ფიური რინგზე 3 დეკემბერს დაბრუნდება და კარდიფში იჩხუბებს
- Gypsy King იმედს არ კარგავს, რომ ოლეკსანდრ უსიკთან დუელი მაინც მოუწევს
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
ალბათ ძალიან ცოტა თუ იფიქრებდა, რომ ტაისონ ფიური ამ მეტოქეს დაუპირისპირდებოდა.
როგორც ირკვევა, გადაწყდა, ვის შეხვდება 34 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (WBC) მძიმე წონაში 3 დეკემბერს. ენტონი ჯოშუას უარის შემდეგ, ფიურის არც მის შემცვლელად მოაზრებული მაჰმუდ ჩარი დაუპირისპირდება. Gypsy King-ის მეტოქე 38 წლის დერეკ ჩისორა იქნება.
“მეტოქის მოსაძებნად ბევრი ვიწვალეთ. ახლა უკვე გვყავს მოწინააღმდეგე და ეს 3 დეკემბერს დერეკ ჩისორა იქნება,” - განუცხადა კრივის პრომოუტერმა ფრენკ უორენმა პორტალ IFL TV-ს.
უორენი განმარტავს: “ვფიქრობდით, რომ დეკემბერში ტაისონი ოლეკსანდრ უსიკს (მსოფლიოს ჩემპიონი IBF, WBA, WBO და IBO) შეხვდებოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი მიუწვდომელია. ახლა იმედი მაქვს, რომ მათი ბრძოლა სადღაც თებერვალში მაინც შედგება. ტაისონს უნდა, რომ მანამდეც იჩხუბოს. ჯოშუასთან ბრძოლის დაგეგმვის პროცესმა ბევრი დრო წაგვართვა, მაგრამ არა უშავს - ფიურისთვის დერეკიც ძალიან მაგარი მოწინააღმდეგეა.”
ჯოშუასთან მოლაპარაკებები ჩაიშალა, რის შემდეგაც ფიურის მომავალ მეტოქედ ჩარი მიიჩნეოდა, თუმცა არც ეს გამოვიდა და ფიური კარიერაში მესამედ შეხვდება ჩისორას. მათ პირველად 2011 წელს იჩხუბეს, ხოლო მეორედ კი - 2014 წელს. 2011-ში ფიურიმ 12 რაუნდის შემდეგ მოიგო, 2014 წელს კი ჩისორა დანებდა. მესამე ბრძოლა, უორენის თქმით, კარდიფში უნდა გაიმართოს.

საინტერესოა, რომ მეორე დაპირისპირების შემდეგ ფიური და ჩისორა ახლო მეგობრები გახდნენ, მაგრამ ახლა აღარ მეგობრობენ. ფიურის არ მოეწონა, რომ ჩისორამ მისი და უაილდერის დუელში გამარჯვება ამ უკანასკნელს უწინასწარმეტყველა.
“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ მას შევხვდები, - განაცხადა ფიურიმ ცოტა ხნის წინ, - მისთვის ეს სამწუხარო ამბავი იქნება, რადგან თუ კონტრაქტს ხელს მოაწერს, იძულებული ვიქნები, კბილები ჩავულეწო.”
Gypsy King ამის შანსს 3 დეკემბერს მიიღებს.
კომენტარები