Thumbnail
  • მსოფლიოს პირველობის მორიგ დღეს მედლები მძიმე წონით კატეგორიებში გათამაშდება
  • თუშიშვილის გარდა, ტატამიზე ქალთა ნაკრების წევრ სოფიო სომხიშვილსაც ვიხილავთ

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ხვალ (12 ოქტომბერს) მედლები კაცთა და ქალთა მძიმე წონით კატეგორიებში (+100 კგ. და +78 კგ.) გათამაშდება, ტატამიზე კი გურამ თუშიშვილსა და სოფიო სომხიშვილს ვიხილავთ.

27 წლის თუშიშვილს პირველი განთესვა აქვს და საწყის რაუნდში თავისუფალია, მე-2 წრეში კი რუმინელ ვლადუტ სიმონესკუსა და სლოვენიელ ვიტო დრაგიჩს შორის უმჯობესს შეხვდება.

ბადის იმ ნაწილში, სადაც გურამი იმყოფება, გერმანელი იოჰანეს ფრეი, კუბელი ენდი გრანდა, უნგრელი რიჩარდ სიპოჩი და ავსტრიელი დანიელ ალერსტორფერი უნდა გამოვარჩიოთ.

წონის ფავორიტებში მოიაზრებიან ნიდერლანდელი იურ სპიიკერსი, იაპონელი ტაცურუ საიტო, უკრაინელი იაკივ ხამო, უზბეკი შოხრუხონ ბახტიოროვი, ტაჯიკი ტემურ რახიმოვი, ჩეხი ლუკას კრპალეკი და სამხრეთკორეელი მინჯონგ კიმიც.

გურამ თუშიშვილს მსოფლიოს ჩემპიონატი 2018 წელს აქვს მოგებული

შეგახსენებთ, რომ თუშიშვილს მსოფლიოს ჩემპიონატი 2018 წელს აქვს მოგებული, როდესაც ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს იპონით სძლია.

როგორც აღვნიშნეთ, ხვალვე ტაშკენტში ძალებს სომხიშვილიც სცდის, თუმცა, მას წარმატების ნაკლები შანსი აქვს. სოფიო პირველივე შეხვედრაში ოლიმპიურ (2012) და მსოფლიოს ორგზის (2013, 2014) ჩემპიონ იდალის ორტიზს (კუბა) დაუპირისპირდება.

ამ დროისთვის, ტაშკენტში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალია. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) მოახერხა, ბრინჯაოს მედლებს კი ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.) დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები