Thumbnail
  • ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 000 ლარს შეადგენს
  • წლის მთავარი ტურნირი შვიდ სახეოაბაში ჩატარდება
  • რეგისტრაცია 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება

ქართული კიბერსპორტის ყველაზე მასშტაბური ტურნირი ბრუნდება, რომლის საპრიზო ფონდი 100 000 ლარს შეადგენს. ჩემპიონატი ევროპაბეთისა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის ურთიერთთანაშრომლობის შედეგად გაიმართება. 

წლის მთავარი ტურნირი შვიდ სახეოაბაში ჩატარდება, ესენია: DOTA 2, CS:GO, PUBG MOBILE, TEKKEN 7, FIFA 23, eFootball და NBA 2K23. WINTER CUP-ზე რეგისტრაცია 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კვალიფიკაციის შედეგად საუკეთესო გუნდები და მოთამაშეები გამოვლინდებიან, რომლებიც 2 თვის განმავლობაში ერთმანეთს გრანდ ფინალში მოსახვედრად დაუპირისპირდებიან. ღონისძიების დასკვნითი ეტაპი ოლიმპიურ სასახლეში, იანვრის ბოლოს ჩატარდება. 

აღსანიშნავია, რომ 100 000-ლარიან ტურნირზე მოსახვედრად ასაკობრივი შეზღუდვა იმოქმედებს - მონაწილეობის მიღება 18 წლამდე მოთამაშეებს არ შეეძლებათ. გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირდაპირ ტრანსლაციას ფედერაციის YOUTUBE არხზე მიადევნონ თვალყური.

სარეგისტრაციო ბმულები:

შარშან, ჩემპიონატმა სტარტი 13 ნოემბერს აიღო და ექვს სახეობაში მიმდინარეობდა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ჩემპიონატი ორ ნაწილად დაიყო: პირველ ეტაპს საქართველოს ეროვნული ლიგა ერქვა, საიდანაც საუკეთესოებმა ასპარეზობა “ზამთრის თასზე” გააგრძელეს. სახეობების მიხედვით TOP 8 მოთამაშე და გუნდი გამოვლინდა, ხოლო პირველ-მეორე ადგილებზე გასულებმა გრანდ ფინალში თამაში უფლება მიიღეს.

“ევროპაბეთის ზამთრის თასის” პირველი ჩემპიონი FIFA 22-ის მოთამაშე ზუკო ჯიბლაძე იყო. მან ფინალში ნიკუშა ხევიაშვილი დაამარცხა. ზუკოს საჩემპიონო თასთან ერთად ფულადი პრიზი - 3000 ლარი გადაეცა. მეორე გამარჯვებული League of Legends-ში გამოვლინდა. დაძაბულ და სანახაობრივ ფინალში ერთმანეთს Remex's Funeral და Grave Diggers ხვდებოდნენ. ამ ბრძოლაში უკეთესი Remex's Funeral-ის ხუთეული აღმოჩნდა. ისინი 6000 ლარით დაჯილდოვდნენ.

TEKKEN 7-ის ფინალში ქართული სცენის გამორჩეული მოთამაშეები - დავით კასრაძე (UI Potato) და გუგა ირემაშვილი (duelist17) გავიდნენ. პრინციპული დუელი კასრას გამარჯვებით დასრულდა, მან 3000 ლარი მიიღო. რაც შეეხება DOTA 2-ის შეჯიბრს, იგი Monaspa-ს დამაჯერებელი თამაშით დასრულდა. გრანფ ფინალში მათი მეტოქე Es Vardi shen იყო. მიუხედავად, მოწინააღმდეგის კარგი თამაშისა, ორგანიზაცია Monaspa-მ ტრადიციას არ უღალატა და დამსახურებული ჩემპიონობა იზეიმა. მათ 6000 ათასი ლარი გადაეცათ. 

Pubg Mobile-ში Alpi-მ ხუთსაათიანი მარათონი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. გუნდი ხუთივე მაპზე დომინირებდა, შედეგად ყველაზე მაღალი ქულა დააგროვეს და ჩემპიონობა იზეიმეს. მეორე ადგილზე ONYX გავიდა, მესამეზე - CLAN 13. გამარჯვებულმა გუნდმა 6000 ლარი მიიღო.

ბოლო სახეობა, რომელშიც "ევროპაბეთის ზამთრის თასის" გამარჯვებული გამოვლინდა - CS:GO გახლდათ. ქართული გეიმინგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობის გრანდ ფინალში ერთმანეთს UNDEFEATED და  PROTOS დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ PROTOS-ის ხუთეული ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიკრა. დაძაბულ და სანახაობრივ ფინალში ჩემპიონობა PROTOS-მა მოიპოვა. ჩემპიონი გუნდი 6000 ლარით დაჯილდოვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები