Thumbnail
  • კოპენჰაგენი 0:0 მანჩესტერ სიტი | მაკაბი 2:0 იუვენტუსი
  • პეპ გვარდიოლას გუნდი 1/8 ფინალში შესაძლოა, დღესვე გავიდეს
  • იუვენტუსმა ისევ წააგო და ჯგუფიდან, დიდი ალბათობით, ვერ გავა

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში G ჯგუფში დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და ბრწყინვალე ფორმაში მყოფ ინგლისურ გუნდთან უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა.

გოლი არ გასულა - 0:0. სიტი უპირატესობას ფლობდა და მე-11 წუთზე გოლიც გაიტანა, მაგრამ როდრის გოლი VAR-მა ხელით თამაშის გამო გააუქმა. 25-ე წუთზე ინგლისელებმა პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს, მაგრამ რიად მაჰრეზმა თერთმეტმეტრიანი გააცუდა - მატეუშ გრაბარამ აჯობა. 5 წუთის შემდეგ მანჩესტერელებს სერხიო გომესი გაუძევეს. პეპ გვარდიოლას გუნდმა დანიის ჩემპიონს რიცხობრივ უმცირესობაში ვეღარ აჯობა.

კოპენჰაგენის დაცვის ცენტრში დავით ხოჭოლავამ საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი მინდორზე 80 წუთის განმავლობაში იყო. Whoscored-ისგან ხოჭოლავამ 6.9 ქულა დაიმსახურა და დანიელთა რიგებში მასზე კარგი შედეგი მხოლოდ მეკარეს, გრაბარას ჰქონდა. G ჯგუფში კოპენჰაგენს 2 ქულით მე-3 ადგილი უკავია და ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის, ხოლო სიტის 10 ქულა აქვს და დღეს სევილია თუ დორტმუნდში ვერ მოიგებს, პეპ გვარდიოლას გუნდი უკვე მერვედფინალში იქნება.

მაკაბიმ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

H ჯგუფში ტურინის იუვენტუსმა მორიგი თამაში წააგო - ჩემპიონთა ლიგის ოთხ ტურში მესამე! მასიმილიანო ალეგრის გუნდი ჰაიფაში მაკაბის ესტუმრა და პირველივე ტაიმში ომერ ატცილისგან ორი გოლი გაუშვა, მერე ვითარება ვეღარ შეცვალა და 0:2 დამარცხდა. შედეგად, ტურინული კლუბის მომდევნო ეტაპზე გასვლა პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რადგან პსჟ-სა და ბენფიკას 4-4 ქულით ჩამორჩება და თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. ეგ კი არა, ჯგუფში ბოლო ადგილს (3 ქულით) მაკაბისთან ერთად იყოფს და ევროპალიგის საგზურის მოპოვებაც კი ძალზე სათუოა. ყოველ შემთხვევაში, თანაბარ ქულებზე უპირატესობა ისრაელის ჩემპიონის მხარეს იქნება. იუვეს კატასტროფული სეზონი აქვს, სერია A-შიც მე-8 ადგილზეა და ლიდერ ნაპოლის უკვე 10 ქულით ჩამორჩება. გამოსავალი კი არ ჩანს. მასიმილიანო ალეგრისაც სრულ ნდობას უცხადებენ, სწორედ მაკაბისთან მატჩის წინ კლუბის გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ თქვა, რომ ალეგრის სრული ნდობა აქვს გამოცხადებული და მისი გათავისუფლება არ იგეგმება.

ამ შეხვედრაში კუნთის ტრავმა მიიღო ანხელ დი მარიამ, რომელმაც პირველ ტაიმში შეცვლა მოითხოვა და ჯერ არავინ იცის, როგორია მისი მდგომარეობა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატამდე თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი. სხვათა შორის, 34 წლის არგენტინელმა მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ მოასწრო ტრავმის მიღება.

საინტერესო ფაქტები

⚽ იუვენტუსმა ისტორიაში პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგაში საწყის ოთხ ტურში 3 მატჩი.

⚽ იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 6 მატჩში გოლი 2013 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად გაუშვა

⚽ პეპ გვარდიოლას მწვრთნელობისას სიტიმ ყველა ტურნირზე 24 პენალტი ვერ გაიტანა, რაც პრემიერლიგის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით 9-ით მეტია.

კოპენჰაგენი 0:0 მანჩესტერ სიტი

გაძევება: გომესი (30)

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - კანსელუ, აკანჯი, ლაპორტი (88. აკე), გომესი - გიუნდოგანი, როდრი, დე ბრუინი (77. ბერნარდო სილვა) - მაჰრეზი (32. დიაში), ალვარესი, გრილიში (77. ფოდენი).

მაკაბი 2:0 იუვენტუსი

გოლები: 1:0 ატცილი (7), 2:0 ატცილი (42)

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დანილო (68. კინი), ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო (74. სულე) - მაკკენი (46. კოსტიჩი), პარედესი (46. ლოკატელი), რაბიო - დი მარია (24. მილიკი) , ვლაჰოვიჩი, კუადრადო.

კომენტარები

ბოლო ამბები