- ქართველმა ძიუდოისტმა რეპეშაჟში უზბეკი ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა
- მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში თუშიშვილი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდება
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი გურამ თუშიშვილი (100 კგ.) უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ეს მას მერე გახდა ცნობილი, რაც გურამმა რეპეშაჟში უზბეკი ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა. ქართველი ძიუდოისტი ვაზარის იგებდა, მეტოქემ გათანაბრება მოახერხა, თუმცა, თუშიშვილმა კიდევ ერთი ილეთი განახორციელა და იპონით იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კაცთა ნაკრების მძიმეწონოსანი წევრი ტურნირში მე-2 წრიდან ჩაერთო, სადაც სლოვენიელ ვიტო დრაგიჩს იპონით სძლია, შემდეგ კი გერმანელ იოჰანეს ფრეის ვაზარით ჩამორჩა, რომელიც ბოლოსკენ გაქვითა და მეტოქის შებოჭვაც მოახერხა.
გურამისთვის დანავსული მომდევნო ორთაბრძოლა გამოდგა, რომელშიც კუბელ ენდი გრანდას გაუმართლებლად შეეკრა, სასურველი შებოჭვა ვერ აიღო და იპონზე დაეცა.
ამგვარად, თუშიშვილს ტაშკენტში ერთადერთი ბრძოლაღა დარჩა ჩასატარებელი. ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში ქართველი ძიუდოისტის მოწინააღმდეგე ტაჯიკი ტემურ რახიმოვი იქნება. ფინალური ბლოკი სტარტს 16:00 საათზე აიღებს.
ამ დროისთვის, ტაშკენტში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალია. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) მოახერხა, ბრინჯაოს მედლებს კი ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.) დაეუფლნენ.
კომენტარები