- მაკაბისთან მარცხის შემდეგ იუვენტუსი ფიასკოსთან ახლოსაა
- ალეგრიმ სპეციალური შეკრება დაიწყო და ფეხბურთელებს არსად უშვებს
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
მასიმილიანო ალეგრის, როგორც იტყვიან, დანა პირს არ უხსნიდა.
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, ჰაიფას მაკაბისთან სამარცხვინო მარცხის (0:2) შემდეგ, იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა თავისი ფეხბურთელები სავარჯიშო ბანაკში გაგზავნით დასაჯა. შაბათს იუვეს ტორინოსთან დერბი უწევს და მანამდე ტურინული გრანდის ვერცერთი ფეხბურთელი ბანაკს ვერ დატოვებს.
“ეს არის თითოეული მათგანის ვალი კლუბის, ფანებისა და საკუთარი თავის წინაშე. ჩვენ ყველამ ერთმანეთს თვალებში უნდა ჩავხედოთ. ამ დღეებში მეტი დრო გვექნება სამუშაოდ და დასამშვიდებლად,” - განაცხადა ალეგრიმ მაკაბისთან 0:2-ის შემდეგ და იქვე ისიც თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს: “როცა რთულ სიტუაციაში ხარ, გამოწვევა უფრო მიმზიდველია. ამ სიტუაციიდან სიმამაცით, სურვილით და მონდომებით უნდა გამოვიდეთ.”

4 ტურის შემდეგ იუვენტუსს H ჯგუფში მხოლოდ 3 ქულა აქვს და პარი სენ-ჟერმენსა და ლისაბონის ბენფიკას 5 ქულით ჩამორჩება. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ეს ფიასკოსთან ძალიან ახლოს ყოფნას ნიშნავს. პლუს ამას, ანხელ დი მარია ისევ დაშავდა. ტურინში (და არგენტინაშიც) შიშობენ, რომ ის მინიმუმ 1 თვე დაისვენებს.
“იუვე გოდების კედელთან” - წერს დღევანდელ ნომერში “გაძეტა დელო სპორტი”.
“იუვე ქაოსში. თუ ტურინელები ასე გააგრძელებენ, კლუბის 125-წლიან ისტორიას ფეხქვეშ გათელავენ. ამ გუნდს არ აქვს იდენტობა, თავდაჯერება და არ აქვს იმის უფლება, რომ იუვე ეწოდებოდეს,” - ვკითხულობთ “კორიერე დელო სპორტის” სტატიაში.
რაც შეეხება იუვენტუსის პრეზიდენტ ანდრეა ანიელის კომენტარს: “ეს ერთ-ერთი უმძიმესი ფაზაა. გაბრაზებული ვარ და მრცხვენია. ფანებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ.” - თქვა ანიელიმ და ალეგრის მხარი დაუჭირა: “ინდივიდუალურად ეს არავის ბრალი არაა. ყველას ერთად გვაქვს პრობლემა. ალეგრი არის და რჩება იუვენტუსის მწვრთნელად.”
კომენტარები