- ძიუდოისტთა ნაკრები ტაშკენტში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე იასპარეზებს
- ძიუდო | 2017 წლის შემდეგ პირველად - საქართველოს ნაკრები ხუთეულს მიღმა დარჩა
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ძიუდოში, რომელსაც უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი მასპინძლობს, ხვალ გუნდური შეჯიბრით დასრულდება, რომელში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.
დღეს გამართული წილისყრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ქართველი ძიუდოისტები პირველივე წრეში ძალიან ძლიერ საფრანგეთს შეხვდებიან, გამარჯვების შემთხვევაში კი, ჩინეთსა და IJF-ს ლტოლვილთა ნაკრებს შორის უძლიერესს გაეჯიბრებიან.
მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში სულ 17 გუნდი ჩაებმება, რომელთაგან ბრაზილია, სამხრეთ კორეა, უზბკეთი, ისრაელი, იაპონია, ნიდერლანდები, ყაზახეთი, გერმანია, მონღოლეთი, უკრაინა და კუბაც უნდა გამოვარჩიოთ.

შეჯიბრი ტრადიციულად შერეულ ნაკრებებს შორის გაიმართება ანუ გუნდებს როგორც კაცებში (73, 90 და +90 კგ.), ასევე ქალებში (57, 70 და +70 კგ.) 3-3 წარმომადგენელი ეყოლებათ, ხოლო თუ შეხვედრა 3:3 დასრულდა, წილისყრით გაირკვევა, გადამწყვეტი შერკინება რომელიც წონაში უნდა შედგეს.
ხვალინდელ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება: გიორგი ტერაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი (ორივე – 73 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.), ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი (ორივე – მძიმე), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), ნინო გულბანი (70 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (მძიმე).
შეგახსენებთ, რომ შარშან საქართველომ პირველ წრეში კუბას 4:1 სძლია, მეოთხედფინალში მომავალ ფინალისტ საფრანგეთთან 3:4 წააგო, რეპეშაჟში კი ბრაზილიასთან 1:4 წააგო და გუნდურ ტურნირზე უმედლოდ დარჩა.
კომენტარები