Thumbnail

'ინტერს თუ ვერ ამარცხებ, მომდევნო ეტაპსაც არ იმსახურებ' - ჩავი იმედგაცრუებულია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ბარსელონა მილანის ინტერთან შინ მარცხს გადაურჩა (3:3), მაგრამ ეს ქულა ჩავის გუნდისთვის წარმატებად ვერ შეფასდება, რადგანაც ესპანურ გრანდს მერვედფინალში გასვლის მიზერული შანსი შერჩა.

როგორც მატჩის შემდეგ ჩავიმ თქვა, თუ ინტერს საკუთარ მოედანზე ვერ ამარცხებ, მომდევნო ეტაპზე გასვლასაც არ იმსახურებ.

"პირველი ტაიმი შესანიშნავი იყო, მეორეში კი შეცდომები დავუშვით, მაგალითად, პირველი გაშვებული გოლისას, რამაც მენტალურად გაგვტეხა. იგივე მოხდა მეორე გოლზეც. ასეთი შეცდომებისთვის საფასურის გადახდა ყოველთვის გიწევს. თუ ინტერს საკუთარ მოედანზე ვერ დაამარცხებ, მომდევნო ეტაპზე გასვლას არც იმსახურებ. მერვედფინალში გასვლის შანსი მაინც არსებობს, მაგრამ ეს ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული. ბარელას გოლის მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ. მთლიანობაში, მიუნხენსა და მილანში ჩვენი შეცდომებით წავაგეთ. თუ ევროპალიგაზე გადავალთ, ეს ჩვენი შეცდომების შედეგი იქნება".

შეგახსენებთ, რომ ბარსელონას ოთხ ტურში 4 ქულა აქვს და ინტერს 3 ქულით ჩამორჩება. დარჩენილ ორ ტურში იტალიურ კლუბს 3 ქულაც ეყოფა ჯგუფიდან გასასვლელად, თანაც, ერთ შეხვედრას შინ ჩეხურ პლზენთან ჩაატარებს. ამდენად, დიდი შანსია, რომ "ნერაძურიმ" ეს შანსი გამოიყენოს. ბარსელონა ჯგუფიდან ვერც გასულ სეზონში გავიდა და შესაძლოა, ჯგუფში ზედიზედ მეორედ ჩარჩეს. ამ ჯგუფიდან მიუნხენის ბაიერნი უკვე გასულია.

კომენტარები

ბოლო ამბები