Thumbnail

დი მარიას დიაგნოზი ცნობილია - ანხელი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • არგენტინელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ დაშავდა
  • ანხელ დი მარიას 20 დღის გამოტოვება მოუწევს

ანხელ დი მარია მძიმე ტრავმას გადაურჩა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. რასაკვირველია, თუ სარეაბილიტაციო პერიოდი არ გაურთულდა.

არგენტინელ ფეხბურთელს დღეს ტურინში სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც მარჯვენა ფეხის ბარძაყის დაზიანება აჩვენა. როგორც იუვენტუსის ვებგვერდი წერს, გამოჯანმრთელების პერიოდი 20 დღით განისაზღვრა.

ანხელს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი ტურის მატჩი გაუცდება, ისევე, როგორც სერია A-ს რამდენიმე შეხვედრა. ტურინელთა მიზანია, რომ სამხრეთამერიკელმა დაბრუნება 6 ნოემბრისთვის მოასწროს, როდესაც იუვენტუსი მილანის ინტერს დაუპირისპირდება.

მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ნოემბერს იწყება და ამდენად, დი მარიას მუნდიალზე ყოფნა პრაქტიკულად ეჭვს აღარ იწვევს. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ბოლო დროს არგენტინელი ხშირად ტრავმიანობს და მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ დაშავდა.

ანხელ დი მარია იუვენტუსს გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები