Thumbnail
  • 📅 16 ოქტომბერი | 🏟 სანტიაგო ბერნაბეუ | ⌚ 18:15 | ⚽ რეალი V ბარსელონა
  • კვირას განსაკუთრებული საფეხბურთო საღამო გველოდება
  • ყველაფერი, რაც “ელ კლასიკოს” შესახებ უნდა იცოდეთ

კვირას ფეხბურთის მოყვარულებს განსაკუთრებული საღამო გველის: “ელ კლასიკო”, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში, ლივერპული V მანჩესტერ სიტი და პსჟ-მარსელი.

კარგია, რომ რეალი-ბარსა და ნაპოლის თამაში ერთმანეთს არ ემთხვევა. მეტიც: “კლასიკო” 18:15 საათზე იწყება და როგორც კი დამთავრდება, სწორედ მაშინ (20:00) დაიწყება ნაპოლი-ბოლონია, რომელსაც ქართველი გულშემატკივრები არანაკლებ ელიან. განრიგი იდეალური მაინც არ გამოდის, რადგან 19:30-ზეა დანიშნული ინგლისის ჩემპიონატის ტოპ-მატჩი ლივერპულსა და მანჩესტერ სიტის შორის. თუმცა დავუბრუნდეთ უიკენდის მთავარ ამბავს:

ეს რეალის და ბარსას 250-ე დაპირისპირებაა, ესპანეთის ჩემპიონატში კი - 185-ე. საკლუბო ფეხბურთის უმთავრესი დუელის წინ სრულყოფილი მდგომარეობაა იმ მხრივაც, რომ ბარსელონა და რეალი 22-22 ქულით პირველ და მეორე ადგილებს იყოფენ. კატალონიური გრანდი სამეფო კლუბს მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდებით ჯობნის. მოკლედ, ეს “ელ კლასიკო” ლიდერობისთვის ბრძოლაცაა. პლუს: ლა ლიგაში ორივე გუნდი დაუმარცხებელია.


აი, ჩემპიონთა ლიგაში კი რეალი და ბარსა რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობაში არიან. რეალმა მერვედფინალში თამაში უკვე გაინაღდა, ბარსელონა კი - პირიქით, უდიდესი ალბათობით, ჯგუფში რჩება. რეალმა სამშაბათს, შახტართან მატჩში (1:1) ფეხბურთელები დაასვენა და მართალია, ფრით ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა, მაგრამ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მაინც უკმაყოფილო იყო. იტალიელმა თქვა, რომ მისმა გუნდმა ცუდად ითამაშა. 

მართალია, რეალი დაუმარცხებელია, მაგრამ ბოლო დროს ანჩელოტის გუნდის რეგრესი შეიმჩნევა. ბოლო 4 ოფიციალურ მატჩში მადრიდელებმა მხოლოდ შახტართან საშინაო მატჩში (2:1) გაიტანეს 2 გოლი, ოსასუნას, ხეტაფეს და შახტარს საპასუხო შეხვედრაში კი მხოლოდ თითოჯერ გაუტანეს. არადა, მანამდე, პირველიდან მე-6 ტურამდე რეალს ლა ლიგაში მინიმუმ 2-2 გოლი გაჰქონდა. თუმცა, საერთო ჯამში რეალს ესპანეთის ჩემპიონატის 8 ტურის შემდეგ 19 გოლი აქვს გატანილი, ბარსელნას კი მხოლოდ ერთით მეტი. სამაგიეროდ, ბარსა ლა ლიგაში თავს გაცილებით უკეთ იცავს (1 მიღებული გოლი, რეალმა 7 გაუშვა).

მოკლედ, ბარსელონას ამ სეზონში ლა ლიგაში საქმე იდეალურად აქვს. ჩავის გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 7 მატჩი მოიგო (მხოლოდ პირველ ტურში ითამაშა 0:0 რაიო ვალეკანოსთან) და ზედიზედ 6 თამაშში გოლი არ გაუშვა. სამაგიეროდ, ბარსას ჩემპიონთა ლიგაში კატასტროფულად აქვს საქმე, თუმცა ამაზე უკვე ვთქვით.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონა და რეალი სეზონის პირველ “ელ კლასიკოს” თანაბარი შედეგით ხვდებიან: 8 ტურის შემდეგ ორივეს 7 მოგება და 1 ფრე აქვს და ორივე 5 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ ბილბაოს. ბარსას ბურთების შეფარდება 20:1 გახლავთ, რეალის კი - 19:7.

⚽ ბოლო 4 საშინაო მატჩიდან 2-ში რეალს მოსაგებად 70-ე წუთის შემდეგ გატანა დასჭირდა, თუმცა ბოლო ორ ოფიციალურ საშინაო მატჩში რეალმა მეორე ტაიმში გოლის გატანა ვერ შეძლო. 

⚽ ბარსელონას ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 7 მატჩი აქვს მოგებული.

⚽ ბარსამ ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 6 თამაშში გოლი არ გაუშვა.

⚽ წინა სეზონში ბარსელონამ მადრიდში რეალს 4:0 მოუგო. ბარსას მადრიდში ზედიზედ ორი “კლასიკო” 2019 წლის მარტის შემდეგ არ მოუგია.

⚽ ბარსელონას მადრიდში (მხოლოდ ლა ლიგა) ბოლო 7 მატჩიდან 5 მოგებული აქვს (2 მარცხი).

⚽ ლა ლიგის ეგიდით გამართულ კლასიკოებში ბურთების შეფარდება თანაბარია: 295:295. ბარსელონას ესპანეთის ჩემპიონატში 73 კლასიკო აქვს მოგებული, რეალს - 76, 35 კი ფრედ დასრულდა.

⚽ ვინისიუს ჟუნიორმა რეალის ბოლო 5 საშინაო თამაშიდან 4-ში გაიტანა და აქედან ორჯერ ანგარიში გახსნა. აქვე შეგახსენებთ, რომ ბარსას მეკარე ტერ შტეგენს ლა ლიგაში 624-წუთიანი მშრალი სერია აქვს და ამ სეზონში დარტყმების 95 პროცენტი მოიგერია.

⚽ ბარსელონამ ლა ლიგაში ბოლო 6 მატჩიდან 5-ში პირველი ტაიმიც მოიგო და მატჩიც.

⚽ ბოლო 6 დუელიდან არც ერთხელ არ დაფიქსირდა ფრე.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): ლუნინი - კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი - კროოსი, ჩუამენი, მოდრიჩი - ვალვერდე, ბენზემა, ვინისიუს ჟუნიორი
ტრავმა: კურტუა, სებალიოსი, რიუდიგერი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ერიკ გარსია, ბალდე - გავი, ბუსკეტსი, პედრი - ანსუ ფატი, ლევანდოვსკი, დემბელე.
ტრავმა: არაუხო, ბელერინი, კრისტენსენი, დეპაი

კომენტარები

ბოლო ამბები