Thumbnail

'მოგება მორალურად ფუნდამენტურია' - რა თქვა ჩავიმ ელ კლასიკოს წინ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურში მადრიდის რეალი ბარსელონას უმასპინძლებს. "ელ კლასიკოს" წინ კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენცია გამართა. ის გუნდის პროგრესით კმაყოფილია, განსაკუთრებით - ლა ლიგაში.

ჩავი ერნანდესის პრესკონფერენცია

...თამაში, რომლის ფასიც 3 ქულაზე მეტია: "სამქულიანი თამაშია, მაგრამ მორალურად და საკუთარი ძალების რწმენისათვის კლასიკოს მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, ფუნდამენტურია, როგორც ჩვენთვის, ისე რეალისთვის. ვნახოთ, ვინ გახდება ლიდერი.

...ლა ლიგაში წარმატებულები, ჩემპიონთა ლიგაზე - არა: "ჩემპიონთა ლიგაში წარუმატებლობა მაბრაზებს, მაგრამ სწორ გზაზე ვართ, ლა ლიგაში ბრწყინვალედ ვთამაშობთ. ჩემპიონთა ლიგაში შედეგი კარგი არ არის, მაგრამ ჩვენი პროექტი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. ძნელია ავხსნათ განსხვავება ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგას შორის. ლიგაზე წარუმატებლობა ინდივიდუალური შეცდომების შედეგია. ლა ლიგაში ძალიან კარგები ვართ და ამ გზით უნდა გავაგრძელოთ, ხვალ მნიშვნელოვანი გამოცდა გველოდება".

...ელ კლასიკოს პროგნოზი შეუძლებელია: "ის ფაქტი, რომ ბოლო კლასიკო 4:0 მოვიგეთ, შეიძლება წაგვადგეს იმ მხრივ, რომ უფრო თამამად და თავდაჯერებულად ვითამაშოთ, მაგრამ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და შეტევაში კომპაქტურად ვითამაშოთ. შარშანდელი კლასიკოს დროს არ ვიყავით კარგ მდგომარეობაში, მაგრამ ახლა სულ სხვა ვითარებაა. ელ კლასიკო არაპროგნოზირებადია, მნიშვნელობა არ აქვს წინა თამაშს, რადგან მთლიანად ამ შეხვედრაზე ხარ ორიენტირებული. ზუსტად ეს მოხდა შარშან, ვერაფერს ვიწინასწარმეტყველებთ, ვეცდებით, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ".

...პესიმიზმის საფუძველი არ არის: "დაბადებიდან ოპტიმისტი ვარ, სამწუხაროა, რომ ინტერი ვერ დავამარცხეთ, მაგრამ, ვიმეორებ, ლა ლიგაში ძალიან კარგად ვთამაშობთ, ლიდერები ვართ და მაქვს საფუძველი, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი. როცა დავინახავ, რომ პრობლემა ვარ გუნდისთვის და გამოსავალს ვერ ვიპოვი, სახლში წავალ, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ".

შეგახსენებთ, რომ 8 ტურის შემდეგ ლა ლიგას ბარსელონა და რეალი 22-22 ქულით ლიდერობენ. აღსანიშნავია, რომ ჩავის გუნდს პირველი ტურის შემდეგ გოლი არ აქვს გაშვებული.

კომენტარები

ბოლო ამბები