Thumbnail
  • რეალი 3:1 ბარსელონა
  • მადრიდელებმა ყველაზე პრინციპულ მეტოქეს ბოლო 7 მატჩიდან მე-6 მოუგეს 

მადრიდის რეალმა ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურში ბარსელონას 'სანტიაგო ბერნაბეუზე' 3:1 მოუგო და ჩემპიონატის ერთადერთი წაუგებელი გუნდი და ლიდერი გახდა.

შეხვედრაში ანგარიში ქარიმ ბენზემამ მე-12 წუთზე გახსნა. 35-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდემ სხვაობა ორამდე გაზარდა. 83-ე წუთზე ფერან ტორესის გოლით ბარსელონა თამაშში დაბრუნდა, თუმცა როდრიგომ 8 წუთზე თავისივე წაქცევის გამო დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

მადრიდელებმა მთავარ მეტოქეს ბოლო 7 მატჩში მეექვსედ მოუგეს. 'ელ კლასიკოში' რეალს 101 მოგება დაუგროვდა, ბარსელონას კი 97 დარჩა. 'ბლანკოსმა' 9 ტურის შემდეგ 25 ქულა მოაგროვა და უშუალო მოწინააღმდეგეს 3 ქულით გაასწრო. 

კატალონიურმა გრანდმა კი ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველად წააგო. 'ბლაუგრანამ' ჩავის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ჩატარებული 3 'კლასიკოდან' 2 წააგო. ერნანდესის ხელმძღვანელობით 'ლურჯ-წითლებმა' 50 შეხვედრა გამართეს, 28 მოიგეს, 11 ფრედ ითამაშეს და 11-ში დამარცხდნენ.

პირველ 50 მატჩში მოგებათა მაჩვენებლით ბარსას მწვრთნელებს შორის ჩავის ფრენკ რაიკაარდის გუნდში მისვლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. ნიდერლანდელის შემდეგ ბარსელონას ერნანდესამდე 7 სპეციალისტი წვრთნიდა და ყველა მათგანს მასზე უკეთესი შედეგი ჰქონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები